„თუ სამშობლოს სიყვარული დანაშაულია, ჩათვალეთ რომ საშინელი დამნაშავე ვარ…”

წერილი პოეტ ტარიელ ხარხელაურის კედლიდან

„თუ სამშობლოს სიყვარული დანაშაულია, ჩათვალეთ რომ საშინელი დამნაშავე ვარ. დამნაშავე იმდენად, რომ ფორმა ჩემი შენდობის ამ წუთისოფელში არ მოიპოვება. თუ ხელიდან გეცლება სამშობლო და ხმის ამოღება დანაშაულია, ჩათვალეთ რომ საშინელი დამნაშავე ვარ. სამშობლო ჩემთვის, განსხვავებით მრავალთაგან, უფრო დიდია ვიდრე ერთად აღებული მთელი სამყარო.

თუ ეს სასაყვედუროა, უფლება გაქვთ, რომ მისაყვედუროთ, თუკი ვინმე ჩემს შემოქმედებაში ნახავს თუნდაც ერთ სტრიქონს მფეთქავს სიყვარულის გარეშე, მე მზად ვარ ყველაზე შეურაცხმყოფელი დამცირება ავიტანო, მაგრამ თუ ვგრძნობ ჩემი ქართველობის გადაშენებას, ვერანაირი ძალა ვერ შესძლებს ჩემს დადუმებას. რადგან ” სამშობლო როგორც უფალი, ჩემთვისაც ერთია ქვეყანაზედა.” როცა ვერკვლის ციხე იწერებოდა, საკმაოდ მძლავრი იყო კომუნისტური რეპრესიების მანქანა, არც მაშინ დამიხევია უკან, როცა ვხედავდი ჩემს მამულს დაბეჩავებულ მდგომარეობაში, ასეთ მდგომარეობაში მყოფ სამშობლოს მოვეფერე ლექსით ” მე შევცვალე მთვარე წუხელ ” და არასდროს შევუწუხებივარ სინდისს, რომ ამ ლექსით რომელიმე მხარის პოზიციას გამოვხატავდი. რადგან სამშობლო ყველაზე წმინდა ხატია რაც წუთისოფლიდან გულზე მესვენა. ახლაც როცა დაიწერა ლექსები “არაგველებო სამშობლო გეძებთ ” “ბღავილი ამყვა ამ დილით “თუ თქვენს სატკივარს არაფრით ეხმიანება, უამრავ სატკივართან ერთად მე მომკერძეთ რადგან ტკივილების ზიდვას არასდროს გავქცევივარ.

რაოდენ უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ბედნიერი ვარ, რომ ტკივილი ჩემი მამულისა უდიდესი ენერგიაა, რომელიც ჩემს გულსა და გონებას ამოძრავებს. ბედნიერი ვარ, რომ ღირსმყო სამშობლომ მის მაჯისცემაზე ყურმიდებულს მევლო ამ მეტისმეტად მღვრიე სამყაროში.

ტარიელ ხარხელაური“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები