ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ჯარაში თაფლის წარმოების ტრადიციას, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ, შესაბამისი ბრძანება 2021 წლის 26 იანვარს გამოსცა.

გეჯური მეფუტკრეობა მსოფლიოში არც ისე ბევრგანაა შემორჩენილი. განსაკუთრებით გამორჩეული ამ მხრივ მაღალმთიანი აჭარაა. აქაური მკვიდრები “ფუტკრის მოშინაურების” რთულ, მაგრამ საუკუნოვან ტრადიციას აგრძელებენ. ხის მორისგან გამოთლილ სკას ადგილობრივები ჯარას უწოდებენ.

ჯარა – ფუტკრის ქართული ტრადიციული სკაა, რომელიც ფუტკრის მოშინაურების მიზნით საქართველოში უძველესი დროიდან გამოიყენება. ზუსტი მტკიცებულება, თუ როდის გაჩნდა ჯარა საქართველოში, არ არსებობს. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციის თანახმად, უძველესმა მკვიდრებმა ფუტკრები ხის ფუღუროში აღმოაჩინეს და იმ ადგილს ტყეში ,,თაფლის ხე“ უწოდეს. მოგვიანებით, მათ გააცნობიერეს, რომ შესაძლო იყო ხეების ანალოგიურად ,,თაფლის ხეებად“ გარდაქმნა. ისინი აგროვებდნენ გარეული ფუტკრის ნაყარს და სპეციალურად ორ ნაწილად გაჭრილი ხის მორის შუაგულში ათავსებდნენ. შემდეგ, დამზადებულ ხის მორებს ხეებზე, დათვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ალაგებდნენ. სწორედ ამ ხის მორებს უწოდებდნენ ჯარას. მე-19 საუკუნეში ჩარჩოიანი სკების გამოგონების შემდეგ ჯარას სკების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა, აჭარაში თანამედროვე სკების პარალელურად ჯარაც განაგრძობს არსებობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები