საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის STEM-აკადემიის მოსწავლეები NASA-ს პროექტებში მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის აკადემიურ დეპარტამენტთან არსებული STEM-აკადემიის მოსწავლეებმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გაიმარჯვეს. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულ მონაწილეთა გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონია გასული წლის ბოლოს, 29 დეკემბერს, ონლაინ ფორმატში გაიმართა.

კონკურსზე წარმოდგენილი პროექტები შეაფასა კომპეტენტურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: პროფესორი დავით ლორთქიფანიძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი; ტუსია ღარიბაშვილი – Space Farming Project-ის დამფუძნებელი; პროფესორი ალექსანდრე თევზაძე – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი; პროფესორი ნოდარ სურგულაძე – ათასწლეულის ფონდის უმაღლესი განათლების პროექტების ხელმძღვანელი; მერაბ ლაბაძე – ინოვაციური განათლების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; გიორგი ჭელიძე – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველოს და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი; გიორგი მირზიკაშვილიOptioAI-ის დამფუძნებელი; თამარ რაზმაძე – აკადემია „ლეტერატოს“ დამფუძნებელი და დირექტორი.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გაიმარჯვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის აკადემიური დეპარტამენტის ბაზაზე მომზადებულმა მოსწავლეთა გუნდმა -„მედეორი“, პროექტით – „ულტრაბგერული მდგარი ტალღის მეთოდით მკურნალობა და SMART ტექნოლოგიით მონიტორინგი პარკინსონის დაავადებაზე”. გამარჯვებული გუნდის წევრები არიან, თბილისის სხვადასხვა სკოლის ხუთი მოსწავლე: არჩილ მელიქიძე, გიორგი გოგატიშვილი, მარიამ გულაშვილი, მარიამ უმანკოშვილი, მარიამ ნინუა.

კონკურსის მონაწილეებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მიესალმა.

„მოხარული ვარ, რომ მიუხედავად რთული წლისა და პანდემიისა, შევძელით ამ კონკურსის წარმატებულად ჩატარება. საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება კიდევ უფრო გვაახლოვებს თანამედროვე მსოფლიოსთან და ხელს უწყობს ახალი თაობის, გამომგონებლების, ინჟინრებისა და სტარტაპების გაძლიერებას. ჩვენი მთავრობისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი ზუსტად რომ ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო განათლების განვითარებაა. ძვირფასო მოსწავლეებო, გამომგონებლებო, ძვირფასო პედაგოგებო, თქვენთან ერთად და თქვენი მხარდაჭერით არის შესაძლებელი საქართველოში კონკურენტუნარიანი ახალი პროდუქტების, აპლიკაციების, საინჟინრო და ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შექმნა. ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ვხედავ ამდენ ახალგაზრდას, რომელიც უკვე ქმნის ახალ საქართველოს და დაინტერესებულია მეცნიერებით“, – აღნიშნა თავის მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა.

გამარჯვებული გუნდი „მედეორი“ საპატიო სტუმარმა – ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ კელი დეგნანმადააჯილდოვა.
მან მხარდაჭერა აღუთქვა და წარმატება უსურვა ახალგაზრდებს.

პანდემიის დასრულებისთანავე „მედეორი“ აშშ-ში, ჰიუსტონში, ნასას კოსმოსური ცენტრის საზაფხულო უნივერსიტეტში გაემგზავრება, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ გუნდებთან ერთად ინოვაციებზე და ახალ პროექტებზე იმუშავებს. აღნიშნულ პროექტში ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობას საქართველოში აშშ-ის საელჩო აფინანსებს.

გამარჯვებული გუნდის, „მედეორის“ წევრებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს წერილით მიმართეს და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადეს.

ახალგაზრდებს, თავის მხრივ, რექტორმა საპასუხო წერილი გაუგზავნა, გამარჯვება მიულოცა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

„ჩემო ძვირფასო ახალგაზრდებო, ჩვენო მომავალო კოლეგებო, გილოცავთ ახალ 2021 წელს! მრავალ ახალ წარმატებას, ჯანმრთელობას, პოზიტიური შთაბეჭდილებებით აღსავსე წელს გისურვებთ! იმაზე დიდი ვალდებულება, ვიდრე მომავალი თაობის მხარდაჭრა და მათ პროფესიულ ჩამოყალიბებაში ქმედითად მონაწილეობა, პედაგოგისთვის არ არსებობს. ეს ჩვენი უპირველესი და საპატიო მოვალეობაა, რასაც უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით.

ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის აკადემიურ დეპარტამენტთან და ბატონ დავით სონღულაშვილთანთანამშრომლობით თქვენ ასეთ დიდ წარმატებას მიაღწიეთ და მოგეცათ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს წარმოჩინების შესაძლებლობა. ეს თქვენი პროფესიული გზის მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გზა რაც შეიძლება საინტერესო და შემოქმედებითი იყოს თქვენთვის და ყველა იმ ახალგაზრდისთვის, ვინც თავის არჩევანს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე შეაჩერებს.

დიდი მადლობა იმისათვის, რომ თავდაუზოგავად იშრომეთ თქვენს ხელმძღვანელებთან და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად და დიდ წარმატებასაც დამსახურებულად მიაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც წინ მრავალი მნიშვნელოვანი მიღწევა და წარმატება გელით“, – აღნიშნა თავის საპასუხო წერილში სტუ-ისრექტორმა დავით გურგენიძემ.

ცნობისთვის: ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადა ტექნოლოგიების სფეროში (STEM), რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში მიიღონ განათლება. პროექტის მიზანია გამარჯვებულების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, რაც სამომავლოდ, მათ პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები