ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში საქართველოს კულტურის დღეები გაიმართა

ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში ქართული კულტურის ფესტივალი უკვე მესამედ, თუმცა ამჯერად კოვიდპანდემიით გამოწვეული შეზღუდვების თანხლებით  გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორები საქართველოს საკონსულო ბარსელონაში და ალიკანტეს ქართული დიასპორული ორგანიზაცია გახლდათ. 

ღონისძიებაზე, ქართველ ემიგრანტებთან ერთად, მიწვეულები იყვნენ  ალიკანტეს რეგიონის მთავრობის, რესტორნების, ღვინის სახლებისა და სამხატვრო გალერეების წარმომადგენლები, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და სამზარეულო.

როგორც ალიკანტეში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მანანა გოგოლაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ქართულმა ღვინომ, კერძებმა და განსაკუთრებით კი, ბარსელონაში დამზადებულმა ქართულმა სულგუნმა სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის ესპანეთში საქპატენტმა საინფორმაციო ბუკლეტებიცგააგზავნა, რომელიც მოიცავს საქართველოს ღვინის რუკასა და ინფორმაციას ადგილობრივი ვაზისა, ღვინის და ქართული მეღვინეობის 8000-წლიანი ტრადიციის შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ესპანეთში მცხოვრები ქართველი მხატვრის, ნინა ვაჩნაძის ფერწერული ტილოებისა და  ალიკანტელ ხელოვნების მოყვარულთა (მარი კუცია – ნაქარგი, ნათია ასლამაზიშვილი და დავით ფეიქრიშვილი – ფერწერა და ხელნაკეთი ნივთები) ნამუშევრების გამოფენა. ნინა ვაჩნაძის ნამუშევრები ალიკანტეში  ერთი კვირის განმავლობაში იქნება გამოფენილი და მისი ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

გარდა ამისა, ალიკანტეში დაარსებულ “ქართულ სივრცეში” გაიმართა ქართული პოეზიის საღამოც. საკუთარი და ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს  ლელა ქორიძემ, მარინე ბაბუნაშვილმა და ბატონმა ლაშა ბარამიძემ. საღამო კი მუსიკალურად გააფორმეს  ნათია კეშელავამ, ნინა ვაჩნაძემ, შორენა ქავთარაძემ და ლაშა ბარამიძემ.

“ოთხდღიანი ფესტივალი, რა თქმა უნდა, შეზღუდვებით, თუმცა მაინც გაიმართა. ეს იყო არაჩვეულებრივი საღამოები, რომელთა საშუალებით, ერთი მხრივ, ადგილობრივ პროფესიულ საზოგადოებასა და დეგუსტატორებს გავაცანით ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი ეს ერთგვარი სტიმულიც გახლდათ ჩვენი ემიგრანტებისათვის – აზრებისა და ემოციების გაცვლის შესანიშნავი საშუალება. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მონაწილეს და ბარსელონაში საქართველოს საკონსულოს, რომელთან თანამშრომლობითაც ეს ფესტივალი შედგა”- უთხრა “ქართულ კვირას” ალიკანტეში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, მანანა გოგოლაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.