ახალი არქეოლოგიური აღმოჩენები პეტრას ციხეზე

პეტრას ციხის ტერიტორიაზე,  არქეოლოგიური გათხრების შედეგად, ადრეული ხანის კედლები და სხვადასხვა დანიშნულების კერამიკული ნაკეთობები აღმოაჩინეს.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ კედლები ტერიტორიაზე ბაზილიკამდე, მეექვსე საუკუნემდე არსებული ეკლესიის დანატოვარია.

ქართველმა მეცნიერმა, არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა გიორგი თავამაიშვილმა აჭარის ტელევიზიასთან საუბარში თქვა, რომ ადგილზე ტურისტებზე გათვლილი გამჭვირვალე ხიდის გაკეთებას აპირებენ.

„თვალთახედვაში მოექცევა ყველა დეტალი, რომელიც უკავშირდება ისეთ საინტერესო არქიტექტურულ ნიმუშს, როგორიც არის ბიზანტიური სტილის სამნავიანი ბაზილიკა“, – განაცხადა თავამაიშვილმა.

არქეოლოგიური სამუშაოები პეტრას ციხეზე აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

პეტრა — ეგრისის სამეფოს ისტორიული ციხე – სიმაგრეა,  ისტორიული ციხე-ქალაქი ეგრისის სამეფოში, თანამედროვე სოფელ ციხისძირის ტერიტორიაზე. აღნიშნული ტერიტორია, რომელსაც გააჩნდა უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობა, ისტორიულად ლაზების დასახლებას წარმოადგენდა.

პეტრის აკროპოლისი ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა, ხმელეთის მხრიდან მას გალავნის გარდა კლდოვანი რელიეფი იცავდა (აქედანაა მისი ბერძნული სახელწოდება „პეტრა“ — ქვა, კლდე). პეტრა მიუვალ ციხედ ითვლებოდა.

პეტრამ ბიზანტიურ ხანაში დიდი როლი ითამაშა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ს. ჯანაშია ამ ციხე – ქალაქის როლს თბილისის როლთან აიგივებდა.

ციხე ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ ააგო. კარგად გამაგრებული ქალაქი ხანგრძლივი ალყის შემდეგ სპარსელებმა ჩაიგდეს ხელში. საბოლოოდ სპარსელებმა ომი წააგეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბიზანტიელებმა ციხე დაანგრიეს.

მისი ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი. არქეოლოგიური კომპლექსი მოიცავს ციტადელს, გარექალაქსა და ნასახლარს. ციტადელში შემორჩენილია სასახლის, ანტიკური აბანოს, სამეურნეო და ჯარისკაცთა საცხოვრებლების ნანგრევები, აგრეთვე მათ შორის VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრის საეპისკოპოსოს კათედრალის ნაშთია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.