“ყველაზე უფრო ელეგანტური, მოხდენილი და წარმტაცი სათეატრო ნაგებობა, რისი აღქმაც ადამიანს შეუძლია”- თბილისის ოპერის ორჯერ ნახანძრალი შენობის ისტორია

ოპერის თეატრი საქართველოში 170-ზე მეტ წელს ითვლის. კავკასიის მთავარმმართველის, გენერალ-ფელდმარშალ გრაფ მიხაილ ვორონცოვის, თაოსნობით 1847 წლის 15 აპრილს საძირკველი ჩაეყარა ოპერის თეატრის მშენებლობას, რომელიც იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის ხელმძღვანელობით ოთხი წლის მანძილზე გრძელდებოდა და 1851 წლისათვის დასრულდა. ინტერიერი მოხატა და გააფორმა რუსმა მხატვარმა, გაგარინმა. თეატრი აიგო თბილისის ცენტრალურ, მაშინდელ ერევანსკის მოედანზე.

შენობის დაგეგმარების თავისებურება მშენებლობის პირობებით იყო ნაკარნახევი. მეფის ხაზინა უარს ამბობდა დაფინანსებაზე, ამიტომ კერძო პირს თბილისელ ვაჭარს ვინმე თამამშევს მიმართეს წინადადებით, რომ თეატრის გარდა, შენობის დიდ ნაწილში სავაჭრო სივრცეები მოთავსდებოდა. ამასთან, მაღაზიები მის საკუთრებაში რჩებოდა, ხოლო თეატრი კი ქალაქს გადაეცემოდა. იტალიური რენესანსის სტილში აგებული მონუმენტური შენობა მაშინვე გაბატონდა მოედანზე.

მუსიკალური თვალსაზრისით ერთობ „ჭრელი“ ქალაქური ფოლკლორის პირობებში, თბილისის ოპერის თეატრი ქვეყნის კულტურული ყოფის უმნიშვნელოვანეს კერად გადაიქცა. ამიერკავკასიის მასშტაბით პირველი ოპერის თეატრი, რომელიც 800 მაყურებელს იტევდა, ფასადით და შიდა ინტერიერით იმხანად არსებულ ევროპის თეატრებს შორის არქიტექტურული იერით გამოირჩეოდა. 1851 წლის 12 აპრილს თეატრი გაიხსნა გრანდიოზული მეჯლისით, რომელსაც თბილისის მაღალი საზოგადოება დაესწრო. რამდენიმე თვეში XIX საუკუნის ერთ-ერთ პოპულარულ პარიზულ გაზეთში „ილუსტრასიონი“ დაიბეჭდა ედმონდ დე ბარესის ვრცელი სტატია თეატრის შიდა ხედის ორი სურათით. სტატიის ავტორი წერდა: „ქალაქის ეს ერთადერთი თეატრი, რომლის ინტერიერი მთლიანად მავრიტანული სტილითაა გაფორმებული, უდავოდ წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო ელეგანტურ, მოხდენილ და წარმტაც სათეატრო ნაგებობას, რისი აღქმაც ადამიანს შეუძლია.“

ძველი შენობა 1874 წლის 11 ოქტომბრის ხანძარმა გაანადგურდა, პრაქტიკულად არ გადარჩა არც ერთი დეკორაცია, კოსტიუმი, თუ რეკვიზიტი, ვერ მოხერხდა მდიდარი სანოტო ბიბლიოთეკის გადარჩენაც. შენობა იმდენად დაზიანდა, რომ გადაწყდა ახლის აშენება – აღადგინეს მხოლოდ ზედა ნაწილი, სადაც ქარვასლა მდებარეობდა.

1896 წლის 3 ნოემბერს გოლოვინის პროსპექტზე, ახლანდელი რუსთაველის გამზირზე დამთავრდა არქიტექტორ ვიქტორ შრეტერის მიერ დაპროექტებული ახალი — ე. წ. „სახაზინო თეატრის“ მშენებლობა, რომელიც 1200 კაცზე იყო გათვლილი. თეატრის გეგმის პროტოტიპად რიჰარდ ვაგნერის ბაიროითის თეატრი იყო აღებული.

შენობის სახეს ისლამური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ელემენტების ერთობლიობა განსაზღვრავს- კედლის სიბრტყის დამანაწევრებელი მუქი და ღია ფერის ჰორიზონტალური ზოლები, სწორკუთხა ნიშაში ჩასმული შეისრული და ნალისებური ღიობები, სტალაქტიტური ფრიზებისტუკოს ტექნიკით შესრულებული კედლის მონაკვეთები, მუშარაბიანი სარკმლები და სხვა. ფასადის მთავარ აქცენტს წარმოადგენს უხვად შემკული ორსართულიანი პორტიკი. ინტერიერს ნაძერწ შემკულობასთან ერთად ფსევდო-მავრიტანული მოხატულობა და ელეგანტური წვრილი სვეტების და აჟურული კონსოლებისგან შემდგარი რკინის კონსტრუქციები ამკობს.

ახალ შენობასაც 1973 წელს ხანძარი გაუჩნდა, რომელმაც თითქმის მთლიანად დააზიანა ინტერიერი. ხანძრის შემდეგ თეატრის შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა.

რეკონსტრუქციის ავტორებმა შეძლეს შენობის აღმოსავლური, ფსევდომავრიტანული სტილის შენარჩუნება, რომელსაც ქმნის ისრული თაღები, დეკორატიული კოშკურები, სტალაქტიკური მორთულობა, ორნამენტული მოტივები და ა.შ; შენარჩუნდა შენობის წინა ფასადი. ცვლილება განიცადა გვერდითმა ფასადებმა, ზოგ ადგილას დაემატა ერთი სართული. განსაკუთრებით შეიცვალა და გაიზარდა სცენის ნაწილი, საფუძვლიანად შეიცვალა მაყურებელთა დარბაზის ფორმა და იერსახე. თეატრის მაყურებელთა დარბაზი 1065 მაყურებელს იტევს.

2010 წელს კვლავ დაიწყო თეატრის რესტავრაცია, თბილისის ოპერია განახლებული თეატრი 2016 წლის 30 იანვარს საოპერო სპექტაკლ ,,აბესალომ და ეთერი“ პრემიერით საზეიმოდ გაიხსნა.

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.




წყარო: opera.ge 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.