აზერბაიჯანში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულე აბიტურიენტთა სწავლას სახელმწიფო დააფინანსებს

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდნენ 2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და შექმნილი ვითარების გამო ვერ ახერხებენ საქართველოში შემოსვლას, გამოცდების ჩაბარების მიზნით, დაფინანსდებიან სახელმწიფოს მიერ – იუწყება საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

„ამ კატეგორიის აბიტურიენტები, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ირიცხებოდნენ, თუმცა სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემოდა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.” – აღნიშნულია სამინისტროს გვერდზე.

COVID19 პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებული რისკების თავიდან აცილებისა და აზერბაიჯანში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, წელს დაფინანსდება 70-მდე აბიტურიენტი.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 55 ათასზე მეტი აბიტურიენტი და სტუდენტი დარეგისტრირდა.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და  25 ივლისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები