,,კულტურის კერა ლაზი“ – პატარა საქართველო პარიზში

11 წლის წინ, პარიზში ახალგაზრდა წყვილმა ეკა ბოდოკიამ და დაჩი ჩაგანავამ საფუძველი ქართულ კულტურულ ასოციაციას ჩაუყარა. ქართველთა კულტურის კერა „ლაზი“ მალევე იქცა ემიგრანტებისთვის გამორჩეულ ადგილად, ფრანგებს კი ახლოს გააცნო საქართველო. ასოციაციის დიდი დამსახურებაა, საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მიერ, ქართული ცეკვის როგორც, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანა. სხვადასხვა ღონისძიებებზე ,,ლაზს“ ფრანგები ხშირად გულშემატკივრობენ და გამამხნევებელ შეძახილსაც აყოლებენ – ,,la Géorgie”.

ეკა ბოდოკია, დაჩი ჩაგანავა

ეკა ბოდოკია, ასოციაციის პრეზიდენტი: ,,საფრანგეთში მიუხედავად ქართველი ემიგრანტების საკმაოდ დიდი რაოდენობისა, 2009 წლამდე არ არსებობდა ქართული სკოლა ბავშვებისთვის ან რაიმე ქართული ცენტრი კულტურული აქტივობებით. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ,,ლაზის“ ჩამოყალიბება. ასოციაცია მე და ჩემმა მეუღლემ დაჩი ჩაგანავამ, მხარდამჭერი ადამიანების ნანა ფალავანდიშვილის, თეკლა ბუცხრიკიძისა და ინეს ბეგლარაშვილის თანადგომით დავაარსეთ. აქედან უმრავლესობა საფრანგეთში სწავლის გაგრძელების მიზნით ჩამოვედით, მოგვიანებით შევუდექით პროფესიულ საქმიანობას და დღემდე ვცხოვრობთ და ვმოღვაწეობთ პარიზში.

,,ლაზი“ ქართული კულტურის დესპანად იქცა – ცენტრის მიზნებსა და ამოცანებში, თუ შეიცვალა რაიმე წლების შემდეგ?

– ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო  ცენტრს ჰქონოდა, კულტურულ, საგანმანათლებლო  და შემოქმედებით დატვირთვა, თანამემამულეებისთვის ინტეგრირებაში ხელშეწყობა და ქართული კულტურის ფრანგებისთვის მეტად გაცნობა. ძირითადი ბირთვი უნდა ყოფილიყო ქართული სკოლა, ჩამოგვეყალიბებინა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, მოგვეწყო სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, ქართული საღამოები, გამოფენები, წიგნის პრეზენტაციები, კონფერენციები და ა.შ. ჩვენ ამ მისიას ვასრულებთ, ასე გრძელდება უკვე 11 წელია…

– თქვენს მიერ განხორციელებული პირველი პროექტები, როგორ მიიღო საფრანგეთმა და იქ მცხოვრებმა ქართველებმა?

– ამ შემთხვევაში მომიწევს პირველი ორი ღონისძიების დასახელება: ერთი მხოლოდ ქართულ გარემოში მოხდა, ეს იყო ასოციაციის ოფიციალური გახსნა- პრეზენტაცია. ამასთანავე, მოეწყო ქართველი თვითნასწავლი მხატვრის, ზაზა ნატროშვილის ნახატების გამოფენა. ვისაუბრეთ ასოციაციის არსსა და მისი ჩამოყალიბების აუცილებლობაზე  და  ასოციაციის მიზნებზე, ასევე ქართულ სკოლის აუცილებლობაზე. თუ როგორ წარიმართებოდა სკოლაში სხვადასხვა საგნების სწავლება და გაკვეთილების განრიგი. დაისვა კითხვები მშობლებისა და დამსწრეთა მხრიდან. გახსნა დამთავრდა სახელმძღვანელოების გადაცემით, რომელიც საქართველოდან გამოგვიგზავნა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და მომავალ მოსწავლეებთან გასაუბრებით.

მეორე კი, იყო ასოციაციების სახლში ფრანგების მიერ ორგანიზებული საღამო ,,პოეტების გაზაფხული”, სადაც ჩვენმა პატარა მოცეკვავეებმა წარმოაჩინეს ქართული ცეკვები ქორეოგრაფ ირაკლი ობოლაძის დამსახურებით.  ბავშვებს სულ რაღაც 3 თვის დაწყეული ქონდათ ცეკვის შესწავლა.

საფრანგეთში საქართველოს ყოფილ ელჩთან, ეკატერინე სირაძე-დელონესთან ერთად

ეს პირველი ორი ღონისძიება ჩვენს მეხსიერებაში დარჩება სასიამოვნო მოსაგონრად. ასე დავიწყეთ ის კეთილი და დიდი საქმე, რაც უკვე წლებია გრძელდება.

ასოციაცია ნელ-ნელა გაიზარდა, დღეს რა და რა მიმართულებები მუშაობთ? და ვინ არიან ის ადამიანები, ვინც სათავეში უდგანან ამ წამოწყებებს?

– დღეს ჩვენთან ფუნქციონირებს ქართული სკოლა, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი, ვაწყობთ სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებს, ქართულ საღამოებს, გამოფენებს, წიგნის პრეზენტაციებს, კონფერენციებს და ა.შ. ნანა ფალავანდიშვილი გახლავთ ქართული ენის პედაგოგი და სკოლის ძირითადი მასწავლებელი, სასწავლო ნაწილი, პროფესიით პედაგოგი. ალექსი ჭაუჭიძე მუსიკალური განყოფილების ხელმძღვანელი. პროფესიით მუსიკოსი, კომპოზიტორი. ქორეოგრაფები და ანსამბლის ხელმძღვანელები: ლალი ჯაშიაშვილი, ბექა ნონიაშვილი. ამასთანავე ასოციაციაში გვყავს 15-მდე მოხალისე წევრი, რომლებიც უანგაროდ იღებენ მონაწილეობას ,,ლაზის“ ღონისძიებების ორგანიზებაში.

უამრავი საინტერესო პროექტების და ღონისძიების ორგანიზატორია ,,ლაზი“, ხშირად მონაწილეობთ ფესტივალებშიც. შეგიძლიათ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გაიხსენოთ და გამოყოთ?

– ყველა ღონისძიებას, რომელსაც ან თავად ვაწყობთ ან ვმონაწილეობთ, ვცდილობთ მაქსიმუმი ჩავდოთ და ღირსეულად გავართვათ თავი, თუმცა შეგვიძლია უფრო მეტად მაშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებები მაინც გამოვყოთ. მაგალითად, ყოველ წელს მონაწილეობას ვიღებთ მონმარტრის რთველის დღესასწაულში, რომელიც რამდენიმე დღე გრძელდება და გვირგვინდება დიდი აღლუმით, სადაც ქართულ ტრადიციულ სამოსში 40-მდე ქართველი, სხვა მონაწილეებთან ერთად მივუყვებით ხოლმე ამაყად პარიზის ქუჩებს, ქართული სიმღერებითა და ცეკვებით. საამაყოა ჩვენთვის, როდესაც ,,la Géorgie”- საქართველოს ძახილით გამხნევებენ და აღფრთოვანებულები გეკითხებიან ლამაზი კოსტიუმების შესახებ (ნაციონალურ სამოსზე).

ასევე, გავიხსენებ გასული წლის 30 ივნისს ჩვენს მონაწილეობას “კულტურისა და ენების ფესტივალში”, რომელმაც შესაძლებლობა მისცა სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებს, ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ თავიანთი კულტურა, ცეკვების, პოეზიის თუ სიმღერების სახით. “ლაზის” მოცეკვავეებმა როგორც პარიზში მცხოვრებმა ქართველმა ახალგაზრდებმა,  კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს საქართველოს კულტურა და ასახელეს საქართველო. ფესტივალი გაიმართა –Cité de la Science et de l’industrie- დიდ საკონცეტო დარბაზში. გამოვყოფ ბოლო ღონისძიებასაც, სანამ COVID-19-ით გამოწვეული კრიზისული პერიოდი დაიწყებოდა… 29 თებერვალსა და 1 მარტს, ქართველთა კულტურის კერა ,,ლაზი” მიწვეულ იქნა ,,მსოფლიო კულტურის დღეებზე” მონაწილეობის მისაღებად. კულტურის დღეები გაიმართა პარიზის რეგიონში, ქალაქ გრეც არმენვილიეში. ამავე ქალაქის მერმა ,,მსოფლიო კულტურის დღეებზე” საპატიო სტუმრად მიიწვია საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი, ბატონი გოჩა ჯავახიშვილი.

,,ლაზის“ ორგანიზებით მოეწყო ორდღიანი ქართული ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა, გაიმართა კონფერენციები საქართველოს შესახებ. დღის მეორე ნახევარში კი, ლაზის მოცეკვავეთა და მომღერალთა გუნდები მაყურებელის წინაშე წარსდგნენ სოლო კონცერტით.

– საამაყო მართლაც ბევრი გაქვთ, მაგრამ მაინც გკითხავთ- ყველაზე მეტად რითი ამაყობთ?

– ჩვენი ასოციაციის დიდი დამსახურებაა, ქართული ცეკვის როგორც, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანა საფრანგეთის კულტურის სამინისტროს მიერ, პარიზის რეგიონში. საერთოთ კი ყველაზე მეტად ვამაყობთ რომ, ვაკეთებთ ქართულ საქმეს.

გარდა იმისა, რომ ეს ცენტრი ემსახურება ფრანგული საზოგადოებისთვის ქართული კულტურის გაცნობას, ერთერთი მთავარი მიზანია განათლებაექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სკოლა და მისი მოღვაწეობა. მოგვიყევით ამის შესახებ

2009 წლის 21 ნოემბერს გვქონდა პირველი სასწავლო  დღე  და დავარქვით ,,ლაზის შაბათი დღე ქართულ გარემოში“. დღეს გვყავს 60-მდე მოსწავლე, ბავშვთა ასაკია 5-დან 14 წლამდე. ძირითადი სასწავლო საგნებია : ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია-გეოგრაფია, ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროგრამა, მუსიკა (ხალხური და თანამედროვე სიმღერები) და ქართული ცეკვა. ასევე ქართული და ფრანგული ენის კურსები დიდებისთვის. სწავლა მიმდინარეობს დიასპორებისთვის საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ სპეციალურად შემუშავებული სასწავლო პროგრამით. დიდი ყურადღება ეთმობა დამახინჯებული და უცნობი ქართული სიტყვების გამოსწორებასა და შესწავლას. ვკითხულობთ ნაწყვეტებს ისტორიიდან, ვსაუბრობთ საქართველოს კუთხეებზე და მათ დამახასიათებელ თვისებებზე. შესაბამისად ეწყობა შემეცნებით-ინტელექტუალური თამაშები, ბავშვები უყურებენ ქართულ ნახატსა და მხატვრულ ფილმებს, შემდეგ ხდება ფილმების განხილვა და მოკლე სცენების დადგმა. ჩვენი პედაგოგები ქალბატონი ნანა ფალავანდიშვილი, მარიამ უღრელიძე, გვანცა დემეტრაძე, ეკატერინე როსტიაშვილი,  ალექსანდრე ჭაუჭიძე, ლალი ჯაშიაშვილი, ბექა ნონიაშვილი და ალექსანდრე შეროზია მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ბავშვები მართლაც ქართულ გარემოში მოხვდნენ.

მონმარტრის დღესასწაული

საკმაოდ ნაყოფიერი საქმიანობით ცდილობთ, პატარა საქართველო შექმნათ სამშობლოდან შორს, ეს არ არის ალბათ მარტივი… აწყდებით ხოლმე სირთულეებს?

 

– ცენტრში ყველა მოხალისედ ვმუშაობთ. თუ არა ჩვენი ქვეყნის სიყვარული, მონდომება და ენთუზიაზმი, რომ ქართული საქმე უანგაროდ ვაკეთოთ, ამდენს ვერ შევძლებდით. ეს არის ის მთავარი ძალა, რაც გვამოძრავებს და გვაერთიანებს, ჩვენ გვიყვარს ჩვენი საქმე და ამას სიამოვნებით ვაკეთებთ.

საინტერესოა, რა წარმოდგენა აქვთ დღეს შუაგულ ევროპაში საქართველოზე, ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზერას ამბობენ ყველაზე ხშირად, როდესაც უსმენენ ქართულ სიმღერას, ფოლკლორს, ნახულობენ ჩვენს ცეკვას?

ჩვენი ქვეყნის უძველესი და უდიდესი კულტურიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ყოველთვის მოწონებას და აღფრთოვანებას იწვევს ჩვენი წარმოდგენები. ფრანგები კარგად იცნობენ საქართველოს და სწორედ ამიტომაც, ხშირად ვართ მსოფლიო კულტურის თუ ენების დღეებზე მიწვეულნი. ხშირ შემთხვევაში ღონისძიება იწყება საქართველოზე მოხსენებით, რაშიც გვეხმარება პარიზში მოღვაწე ისტორიკოსი, არქეოლოგი, კულტურულ მემკვიდრეობათა კურატორი და ენოლოგი ანა ჭეიშვილი.

თქვენ არამხოლოდ ფრანგ საზოგადოებას და იქ მცხოვრებ ქართველებს აზიარებთ ქართულ კულტურას, არამედ მეგობრობთ სხვა ქვეყნებთანაც. მაგალითად, პანდემიამდე, უმასპინძლეთ ირლანდიელებს და მათ მიერ ჩამოყალიბებულ, ქართულად მომღერალთა 10 კაციან ჯგუფს და მათ უფრო  ახლოს გააცანით  ქართული ფოლკლორი

– დიახ, ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ საფრანგეთში და ფრანგებთან თანამშრომლობით. 2019 წლის 19 ოქტომბერს, ,,ლაზი”-ის მომღერალთა ჯგუფმა უმასპინძლა ირლანდიელების მიერ ჩამოყალიბებულ, ქართულად მომღერალთა 10 კაციან ჯგუფს ,,The Cork Georgian Ensemble”. ამ ჯგუფმა 2017 წელს, იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ქართული მრავალხმიანი სიმღერების შესასწავლად. მათი სურვილი იყო კიდევ უფრო გაემდიდრებინათ ქართული სიმღერების რეპერტუარი. მასტერკლასს უხელმძღვანელა ჩვენი გუნდის ხელმძღვანელმა ალექსი ჭაუჭიძემ. შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა. მთელი დღის განმავლობაში უამრავი მადლობა და თბილი სიტყვები მივიღეთ მათი მხრიდან.

ამავე წლის მაისისა და დეკემბრის თვეში მიწვეულნი ვიყავით გერმანიის ქალაქ შტუდგარდში Art Music Georgia e. V. ის ორგანიზებით გამართულ კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად. 2018 წლის ოქტომბერს, ვმონაწილეობდით მეორე ინტერ-დიასპორულ ფესტივალში საბერძნეთში ქალაქ ათენში, ქართული კულტურის ცენტრ „ლაზი“-სა და განათლების ცენტრ „კავკასია“-ს თანამშრომლობით.

2017 წლის დეკემბერში, მიგვიწვია ლონდონის ,,გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის,” დამფუძნებელმა ქალბატონმა ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანმა, ერთობლივი საშობაო დღესასწაულის აღსანიშნავად. 2018 წლის ივლისში კი, ლონდონშივე, ჩვენმა სკოლის აღსაზრდელმა ნიკოლოზ კვესელავამ, მონაწილეობა მიიღო ქეთი მელუას სიმღერის ფესტივალში. ამ ჩამონათვალს სამომავლოდ აუცილებლად მიემატება სხვა ქვეყნებში მოგზაურობებიც. კვლავ შევეცდებით, რაც შეიძლება ფართო მაშტაბით გავუწიოთ პოპულარიზაცია ქართულ კულტურას.

მინდა ავღნიშნო ის ფაქტიც, რომ საქართველოდან ხშირად  ვიწვევთ ხელოვანებსა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს და ვაწყობთ ერთობლივ ღონისძიებებს. 2019 წლის 27 აპრილს, ქალაქ პარიზის სენ ჟერმენის დიდ საკონცერტო დარბაზში, ჩვენმა ცენტრმა აღნიშნა დაარსებიდან 10 წლისთავი, საქართველოდან მოწვეულ არაჩვეულებრივ ჯგუფ “ფრანთან” ერთად. ამ წლების განმავლობაში ასევე პატივი გვქონდა გვემასპინძლა მუსიკოსებისთვის: ნეკა სეფისკვერაძე; დავით არჩვაძე; ნიკოლოზ რაჭველი; ზვიად ბოლქვაძე; ჯგუფი ურმული.

მწერლები: პაატა ქურდაძე; გელა პატიაშვილი; ლაშა ბუღაძე; დათო ტურაშვილი; ქართული ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, პოეტი მანანა ჩიტიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი როზეტა გუჯეჯიანი; მეცნიერი გია კვაშილავა და მსს”პრომეთეოსი” ლაშა ლატარია; ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი; ქართველი ჩოხოსნები საქართველოდან (ქართველი ჩოხოსნების კურთხევა პარიზში); მაია მიქაშავიძე ხელნაკეთი სამკაულების ნიმუშებით საქართველოდან.

პანდემიამ სამწუხაროდ დროებით ხელი შეგვიშალა გეგმებისა და მიზნების განხორციელებაში, ნელ-ნელა ვცდილობთ დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას… რისთვის ემზადებით უახლოეს მომავალში?

– მიუხედავად COVID 19-ით გამოწვეული სირთულეებისა, ჩვენს ასოციაციას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია და ონლაინ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას. რადგანაც უკვე საშუალება მოგვეცა შენობის გარეთ შეკრებების, ივნისის ბოლოს ბუნებაში ვაპირებთ სასწავლო წლის დამთავრებასთან დაკავშირებული ღონისძიების გამართვას და ასე გამოვემშვიდობებით ჩვენს აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. 14 აპრილს დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ველოდით ბათუმის სახელმწიფო თეატრს სპექტაკლით ,,კონკია”. სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა მაგრამ, ამ შეხვედრას აუცილებლად განვახორციელებთ. ასევე სექტემბრიდან, ვაპირებთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დაწყებას: საფრანგეთში, ქართველ ემიგრანტთათვის, სოციალურ-ადმინისტრაციულ საკითხთა დამხმარებისა და ინფორმაციის მიღების პუნქტის ჩამოყალიბებას.

იმედია ამ პროექტს სისრულეში მოვიყვანთ და კიდევ ერთი აქტივობა შეემატება ჩვენს ცენტრს. ამით საშუალება მოგვეცემა, უფრო მეტად დავეხმაროთ ჩვენს თანამემამულეებს.

                                                                          ანანო ლებანიძე

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები