დღის ვიდეო ინტერვიუ საქართველო და ქართველები სლაიდერი ყველა სიახლე

ქართველი საოპერო მომღერლის კონცერტები მოხუცთა თავშესაფართან და წარმატებული კარიერა გერმანიაში 

მამუკა მანჯგალაძე, არაჩვეულებრივი მომღერალი, პირადად არ ვიცნობ, თუმცა მისი შემოქმედების დიდ გულშემატკივარი ვარ!. ახლა კი მისი ნამღერი ჩემთვის განსაკუთრებული იყო, ის მოხუცთა თავშესაფართან უმღერის ამ ადამიანებს, რომელთაც სხვისი ყურადღება ძალიან სჭირდებათსაოცარი გრძნობით მღერის, თითქოს ამ მოხუცების ესმისეს ძალიან დასაფასებელია, ის არ არის მხოლოდ მომღერალი, ის ასევე ზრუნავს ადამიანებზე…” – ასე ეხმაურებიან სოციალურ ქსელში გერმანიაში მცხოვრები ქართველი საოპერო მომღერლის, მამუკა მანჯგლაძის ვიდეოს.

საქმე ისაა, რომ მუსიკოსმა გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში, მოხუცთა თავშესაფართან გამართული კონცერტით თავშესაფარში მყოფი ადამიანების გამხიარულება სცადა.

Nana Kubinidze-ს ფოტო.

7 დაგეგმილი სიმღერა, რამდენიმე ბისი და მოხუცების მადლიერი და აცრემლებული თვალები – როგორც მამუკა ამბობს, ეს არის ის, რადაც მისი შემოქმედება ღირს – მიანიჭო ბედნიერება ადამიანებს.

„მოხუცთა თავშესაფარში აქამდეც მიმღერია და ჩემი ოპერის დირექტორსაც გაუწევია კონცერტმაისტერობა, არა მარტო დიუსელდორფში, არამედ გერმანიის ბევრ სხვა ქალაქშიც. ძალიან მიხარია, როცა მათთან მიწევს გამოსვლა. ვერ წარმოგიდგენიათ, როგორია ემოციები და მათი სახეების დანახვა ასეთ დროს. ერთ-ერთ თავშესაფარში სოციალური სამსახურის უფროსი, ქართველი ქალბატონი, მაკა გოგიბერიძეა, რომლის  უშუალო ორგანიზებით ჩატარდა ეს კონცერტი. ვერ აღგიწერთ, როგორი რეაქცია ჰქონდათ, იტირეს… დღეს დამირეკეს და მთხოვეს, კიდევ მემღერა მათთვის. 7 სიმღერა შევასრულე, 2-ჯერ ბისზე ვიმღერე და კიდევ მთხოვდნენ, რომ რაიმე შემესრულებინა“ –  ამბობს მამუკა „ქართულ კვირასთან“ საუბარში.

მსმენელი გავრცელებულ ვიდეოჩანაწერშიც ადვილად შენიშნავს მადლიერ ადამიანებს, რომლებიც კონცერტს თავშესაფრის ფანჯრებიდან ადევნებენ თვალს.

თავშესაფრამდე კი იზოლაციის დღეების  მეზობლებისთვის გახალისებაც მოახერხა:

მამუკა მანჯგალაძე-ს ფოტო.

„კარანტინში ყველა მოწყენილი ვართ, დროც ბევრი გვაქვს. ჩემს მეუღლეს დაებადა იდეა, სადარბაზოში მეზობლებისთვის კონცერტი ჩაგვეტარებინა. 6-სართულიან სახლში ყველა სართულს თითო სიმღერა მივუძღვენი და ბისზეც ვიმღერე, ბევრი მეზობელიც სწორედ ამ დღეს გავიცანი და დავახლოვდით – რასაკვირველია, დისტანციურად. ყველა ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს. ჩვენი მიზანიც ეს იყო! “

მანამ, სანამ უხილავი მტერი მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობის მსგავსად მამუკასაც იზოლაციაში მოაქცევდა, იყო წარმატებული და დატვირთული კარიერა  დიუსელდორფის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრში (Deutsche Oper am Rhein), რომელიც არა მარტო გერმანიის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი და აღიარებული ოპერაა.

“სიმართლე გითხრათ, რაღაც დადებითი ვიპოვე ამ ყველაფერში- ძალიან დატვირთული გრაფიკი მქონდა. კარანტინში დროს არ ვკარგავ, ვეუფლები ახალ რეპერტუარს… შეიძლება ამ ტიპის კონცერტები კიდევ გაგრძელდეს, რატომაც არა.“

უკვე 6 წელია, რაც გერმანიაში ცხოვრობს, აქედან 4  – ოჯახთან ერთად. როგორც თავად ამბობს, მისი „მთავარი კარიერა ოჯახია“.

უბედნიერესი ვარ, რადგან უკვე ოთხი წელია, ოჯახთან ერთად ვცხოვრობ ქალაქ დიუსელდორფში. მყავს 12 წლის გოგონა, მარიამი, რომელიც ფორტეპიანოს ეუფლება და უნდა ვთქვა, რომ 2 კონკურსის გამარჯვებულიც გახდა. წარმატებით სწავლობს გიმნაზიაში და საინტერესოდ ხატავსჩემს მეუღლეს  საკმაოდ დიდ კომპრომისზე მოუწია წასვლა – პროფესიით ფოლკლორისტი და განათლების ექსპერტია. საქართველოში მუშაობდა რამდენიმე უნივერსიტეტში. ჰქონდა მრავალი საინტერესო საერთაშორისო და სამეცნიერო პროექტი. მან საკუთარ კარიერაზე უარი თქვა და ბავშვთან ერთად ჩამოვიდა. ბედნიერი ვარ, რომ ნინომ საკუთარი თავი აქაც დიდი შრომის შედეგად დაიმკვიდრა და პედაგოგიურ მოღვაწეობას ახლა გერმანიაში  წარმატებით აგრძელებს.“

ახალ გარემოსთან შეგუება არც თავად მომღერალს გასჭირვებია. მთავარი გამოწვევა კი ენის ბარიერი აღმოჩნდა. თუმცა, მანამ, სანამ უცხო ქვეყანაში წარმატებულ კარიერას შეიქმნიდა, გრძელი და საინტერესო გზა იყო.

თელაველი ბიჭი 7 წლის ასაკში აღმოაჩინა პავლე დემურიშვილმა, რომელიც რაიონის სკოლებში დადიოდა და გუნდისათვის ნიჭიერ ბავშვებს ეძებდა. მამუკა ამ გუნდის სოლისტი გახდა და საბჭოთა კავშირის მასშტაბით გამართულ ფესტივალებზე, გუნდთან ერთად, ბევრი წარმატებაც ხვდა წილად.

გუნდის სოლისტი გახლდით და ოპერისგან ძალიან შორს ვიყავი. სიმართლე გითხრათ, არც მიყვარდა ოპერა. შემდეგ ისე მოხდა, რომ ნათლიამ მაჩუქა რობერტინო ლორეტის, იტალიელი მომღერლის  ფირფიტა და ნეაპოლიტანური სიმღერებით შევიყვარე ეს რეპერტუარი.  რაც შეუმჩნეველი არ დარჩა თელავის სამუსიკო სასწავლებელში, არაჩვეულებრივ პედაგოგ იზა ცერცვაძეს. 20 წლის ვიყავი, კონსერვატორიაში რომ ჩავაბარე და სწავლების სამივე საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, ასპირანტურა) დიდი მაესტროს, ნოდარ ანდღულაძის ხელმძღვანელობით დავამთავრე.“

კონსერვატორიის დასრულების შემდეგ იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი, სამების საპატრიარქო გუნდი და დაუვიწყარი სოლო კონცერტები უდიდეს მუსიკოსთან, ვაჟა ჩაჩავასთან ერთად. 7 წლის წინ კი საოპერო სააგენტოს საშუალებით (ZAV Künstlervermittlung – აგენტი ურსულა იოხმუსი) გავიდა ოფიციალურ მოსმენაზე, ქალაქ დიუსელდორფის ოპერაში და პირველივე ცდის შემდეგ მუდმივი კონტრაქტი გაუფორმეს.

მამუკა ასევე ჩართულია დუსელდორფის ოპერასთან არსებულ ანსამბლში Globus Vocalis, სადაც მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მღერის.  ანსამბლის რეპერტუარი ბევრი საინტერესო თავისებურებით გამოირჩევა.

„ქართული სიმღერებიდან შევარჩიე მამია ხატელიშვილის „კარგი ხარ გოგოვ“, რომელიც ჩემს გერმანელ და უცხოელ კოლეგებთან ერთად გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში შევასრულე და ძალიან კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ბედნიერი ვარ, რომ გერმანელები ქართულად ავამღერე.“

ქართველი საოპერო მომღერლის სამომავლო გეგმებში კარიერული წინსვლა და ახალ რეპერტუარზე მუშაობაა.

„ადრე, ბატონ ვაჟა ჩაჩავასთან ერთად, 4 სოლო კონცერტი გავაკეთეთ ქართული მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით – თბილისში, ქუთაისში, თელავსა და ბათუმში. ბატონმა ვაჟამ ისეთი ნაწარმოებები მოიძია, რომელიც ჩვენ შევასრულეთ პირველად დიდ სცენაზე. გვინდოდა, ეს ჩანაწერები ერთ დისკად გამოგვეშვა. სამწუხაროდ, მის სიცოცხლეში ეს ვერ მოხერხდა. დაახლოებით სამი წლის წინ ჩემი და ჩემი მეუღლის ძალისხმევით მოვახერხეთ და გამოვუშვით ეს დისკი, რომელსაც „მთაწმინდის მთვარე“ დავარქვით და ვგეგმავთ პრეზენტაციას საქართველოში და გერმანიაშიც.”

 

 

ავტორი: თამუნა ზარანდია

სხვა სიახლეები

ფრანკოფონიის ფესტივალის ფარგლებში გიორგი ოვაშვილის ფილმის “სიმინდის კუნძული” ჩვენება გაიმართება

Editor

ქართველი ემიგრანტის ბერძნული ამბავი და რომანი ,,გოგონა აფხაზეთიდან“

Editor

„სტუმარი ღვთისაა“ – ბულგარული გამოცემა საქართველოს შესახებ

Editor

ერთი მიზნისთვის გაერთიანებული ქართველი ექიმები – უფასო კონსულტაციები საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისათვის

Editor

ბელგიური დუო Konoba საქართველოში გადაღებულ მუსიკალურ კლიპს აქვეყნებს (ვიდეო)

Editor

ფინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარეპისკოპოსი ილია ქართულად გალობს

Editor