9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალის იტალიური კარანტინის 21- ე დღე

9 აპრილის სიმბოლოდ ქცეული ქალი სურათიდან მარი ნანა მახარაძეა, რომელიც დღეს იტალიაში ცხოვრობს, ჰყავს იტალიელი მეუღლე და როგორც  იტალიის ყველა მაცხოვრებელი, ისიც კარანტინშია. ეს სიმბოლოდ ქცეული ემიგრანტის წერილია, რომელიც რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„კარანტინის 21-ე დღე…

თვის განმავლობაში, სულ რამდენიმე დღე მიწევს მუშაობა. აქაური სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ ვსარგებლობ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ამიტომ ჩემი მეუღლე პერსონალური მძღოლის სტატუსსაც ითავსებს. აქვე დავძენ, იშვიათად მინახავს ასეთი კანონმორჩილი იტალიელი.

დღეს უთენია მომაკითხა სამსახურში, სათანადოდ  აღჭურვილმა(პირბადე, ხელთათმანები, ავტო სერთიფიკატი) და მეც დავხვდი სამსახურის კარებთან აბსოლუტურად შენიღბული, ჩავჯექი უკანა სავარძელში და ერთი კვირის სამყოფი პროდუქტების შესაძენად გავეშურეთ სუპერმარკეტში.

დილის 8 საათზე 150- მდე ადამიანი მაინც იდგა რიგში, 2 მეტრიანი დისტანციით, ანუ კარგა ხანს მოგვიწევდა ლოდინი.

ჩვენც ვდგავართ ,,დაბინტულები“, სათვალე დაორთქლილები და ვუყვებით ერთმანეთს ახალ ინფორმაციებს. უცებ გვესმის პოლიციის მანქანის სიგნალის ხმა, მიიხედა ამ 150 კაცმა და გვეძახიან, კარგად დავაკვირდი და აშკარად მე მეძახის, სინიორა, თუ შეიძლება მობრძანდით. ვფიქრობ, ამდენ ადამიანში ნეტა ჩემგან რა უნდათ, არაფერი დაგვირღვევია, სრული აღჭურვილობით ვდგავართ, დისტანციას ვიცავთ… მოკლედ მივუახლოვდი…

– თქვენ ორივე ერთი ოჯახის წევრი ხართ?

– დიახ, სამსახურიდან მივდივართ სახლში და გზად პროდუქტებისთვის შევჩერდით.

– სინიორა, თქვენ ინფორმაციას არ უსმენთ, თუ არ ემორჩილებით წესებს? ღმერთო, ვფიქრობ, მე მეუბნება ამას 21 დღის განმავლობაში სულ 2- ჯერ ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი, ან ვერ მხედავს, რომ მთელი ატრიბუტიკით ვდგავარ.

– სინიორა, დადგენილი წესის თანახმად, პროდუქტების, ან მედიკამენტების შესაძენად ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს შეუძლია გასვლა.

ნუ, ის დროა, რომ უნდა ვუთხრა პოლიციას: დიახ, გასაგებია, ბოდიში და გავითვალისწინებ, უცებ  ჩემს უკან ჩემი მეუღლის ხმა ისმის.

– პირველ რიგში, უნდა გადმობრძანდეთ და ქალბატონს ისე მიმართოთ, შემდეგ არსად არ წერია, რომ ოჯახიდან მხოლოდ ერთ წევრს აქვს გასვლის უფლება და ბოლოს, თქვენი სახელი და გვარი თუ შეიძლებაო! (უცებ გაქართველდა ეს ჩემი კანონმორჩილი იტალიელი)

ერთ წამში გადმოფრინდნენ კარაბინიერები მანქანიდან, ახლა ვნახოთ ვინ ვის მოკითხავს სახელს და გვარსო.

წარმოიდგინეთ შუა გზაზე გაჩერებული პოლიციის მანქანა, პოლიციელები, რომლებიც მარკეტში მიმავალ მანქანებს, შემოვლითი გზისაკენ მიუთითებენ, რათა ჩვენი საბუთები გადაამოწმონ, ეს 150 ნიღბიანი ადამიანი ყველა ჩვენ შემოგვცქერის, ამხელა ,,ქალაქივით,, სუპერმარკეტის დირექციამ თავისი წარმომადგენლობა და დაცვა გამოაგზავნა პერიმეტრზე სიტუაციის გასარკვევად. მოითხოვეს ყველა საბუთი და ყველა ადგილსამყოფელი, სად ვიყავით, რისთვის, რატომ და სად მივდიოდით, აგვაფარეს ცხვირზე დებულება, რომ ოჯახიდან მხოლოდ ერთ წევრს აქვს გასვლის უფლება და შეპასუხების გამო ჯარიმის გამოსაწერადაც გაემზადნენ(არც ისე ცოტაა, მინდა გითხრათ და თუ ორივეს მიგვაწეპებდნენ  ჯარიმას, მაშინ ხომ საერთოდ…) თან ,,აღმზრდელობით,, საკითხებზე, შექმნილ ვითარებაზე, და საშიშროებაზე ლექციას გვიკითხავენ…

 – ბატონებო, იქნებ მალე გაგვიშვათ, მესმის, რომ თქვენ მოვალეობას ასრულებთ და მადლობლებიც ვართ, მაგრამ ჩემი მდგომარეობაც გაითვალისწინეთ, მეც სამსახურიდან მოვდივარ, დაღლილი და ღამენათევი…

– სინიორა სად მუშაობთ? თუ ჩვენზე მეტად იღლებით?

– 97 წლის ქალბატონთან ბატონო, რომელსაც ვერ აკითხავენ შვილები, შექმნილი მდგომარეობის გამო…

უცებ დათბა ირგვლივ ყველაფერი…

პოლიციელმა და მე ,,ხელთათმანიანი,, ხელები  ჩამოვართვით ერთმანეთს.

 – სინიორა, მადლობა სამსახურისთვის, თქვენ და ათასობით ადამიანს ვინც ჩვენი მოხუცების სიცოცხლის სადარაჯოზე დგანან…

უჰ, ამოვისუნთქეთ, შეტრიალდა ისევ 150 მზერა, დაიშალა ,,სასტავიც,, იძულებით დაბრუნდა ჩემი მეუღლე მანქანაში, მე კი ისევ ჩავდექი უკვე ორჯერ გაზრდილ რიგში და ვფიქრობდი….

,,ნეტა რაზე ანერვიულდა ეს კანონმორჩილი კაცი, ასე კბილებით რომ მიცავდა, ჰმ, ჯარიმა რომ გამოეწერათ, ხომ შევინახავდი ,,საკორონე საარქივოდ,, მაინც რა მაგარია, შენს გამო რომ არაფერს უშინდებიან…

ვიყავი ასე გართული ჩემთვის, სანამ არ ,,დამკივლეს,, უკნიდან – ქალბატონო გადაიწიეთო…

აზრზე მოსულმა კი მაშინვე გავაცნობიერე მთავარი რამ – ჩვენ ასე შორს გადმოხვეწილი ქალბატონები, ჩვენი სიცოცხლის ხარჯზე, სხვის სიცოცხლეს ვიცავთ, ისევ და ისევ ჩვენი შვილების და მომავლის სიცოცხლისათვის…

ამიტომაც ძალიან გთხოვთ

დარჩით სახლში!

ვიზრუნოთ ერთმანეთზე!

დაემორჩილე კანონს!“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები