კორონავირუსით ინფიცირებული ქართველი ქალი აშშ-ში: არც ისეთი მძიმე ყოფილა, როგორიც მეგონა

36 წლის ხატია მეშველიანი ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველია, რომელსაც 10 დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა, მკურნალობა სახლში, თვითიზოლაციაში განაგრძო. ხატია დეტალურად აღწერს ვირუსისათვის დამახასიათებელ სიმპტომებს და მოუწოდებს ყველას, არ აყვნენ პანიკას. 

ხატია მეშველიანი-ს ფოტო.

მოგესალმებით, მეგობრებო. მინდა, ჩემ შესახებ მოგიყვეთ. ვცხოვრობ ნიუ იორკში. ვარ 36 წლის.

Covid-19 -ით დაინფიცირებულ ადამიანებთან ხუთდღიანი უშუალო კონტაქტის შემდეგ მეც დამეწყო საყოველთაოდ ცნობილი სიმპტომები.
პირველი, რაც შევნიშნე იყო ყელის ტკივილი და 37 C ტემპერატურა.

მეორე დღეს ოდნავ მოიმატა ტემპერატურამ, დაახლოებით სამი ხაზით. ძალიან უსიამოვნო იყო ეს ყველაფერი თუმცა პანიკას არ ავყოლილვარ. გავიკეთე ტესტი და გადავედი თვითიზოლაციაში. დავიწყე მკურნალობა მხოლოდ ცხელი სითხეებით დღეში 14-15 ფინჯანი(ლიმონი, ჯინჯერი თაფლი).

ამ დღეების განმავლობაში მქონდა სისუსტე, თავის ტკივილი და დაბალი ტემპერატურა 37, 5C. სიცხის დამწევი ანუ პარაცეტამოლი მხოლოდ 3-ჯერ მივიღე, რაც მაინც და მაინც სასურველი არ ყოფილა, როგორც შემდგომში ბატონ ზურაბ გურულთან კონსულტაციისას გავარკვიე, რადგან ჯანმრთელი ორგანიზმი თავად ებრძვის ვირუსს და თუ შესაძლებელია და ასატანია, რომ 38-მდე სიცხეს გაუძლოს ადამიანმა, არ ღირს სიცხის დამწევის მიღება.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამერიკაში მოღვაწე ცნობილ ექიმს, ბატონ ზურაბ გურულს. მისი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად რომ მაინც დამითმო დრო, რადგან მასთან გასაუბრებამ გამაცნობიერებინა მდგომარეობა უფრო რეალისტურად და მომეხსნა შიშები. გავთავისუფლდი პანიკისგან, რომელსაც არ ვიმჩნევდი და თავს არ ვუტყდებოდი, მაგრამ შინაგანად მაინც ვნერვიულობდი.

მე-5 დღეს ჩემი ტესტის პასუხი იყო დადებითი…

ამ პერიოდს დაემთხვა ის, რომ მომიწია ბინის შეცვლა და ამან გამოიწვია ნერვიულობა სხვა და სხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ნერვიულობა ამ დროს ხელის შემშლელია. მქონდა პანიკური შეტევა და უძილობა. მე-7 და  მე-8 დღეს ვგრძნობდი ფილტვის არეში მსუბუქ წვას და ჩხვლეტებს, რომელმაც მალევე გამიარა. ეს შეგრძნებები შემდეგ პერიოდულად გადმოდიოდა გულ-მკერდის არეში. შიგადაშიგ მემართებოდა ჰაერის უკმარისობა მსუბუქ ფორმებში, რაც მიმაჩნია, რომ იყო ნევროზული,გამომდინარე იქედან, რომ ხველება საერთოდ არ მქონია. ჰაერის უკმარისობის მოხსნაში მეხმარებოდა სუნთქვითი ვარჯიშები. ასევე მქონდა უმადობა, საერთოდ არ მინდოდა ჭამა. მე-9 დღე იყო ყველაზე მსუბუქი და მივხვდი, რომ ნელ-ნელა ვემშვიდობებოდი ამ ვირუსს.

დღეს მე-10 დღეა და ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი დამთავრდა, თუმცა თავს კარგად ვგრძნობ.

მთავარი რჩევა, რაც შემიძლია გითხრათ… ნუ აყვებით პანიკას, რადგან ნერვიულობა აქვეითებს იმუნიტეტს და ხელს უშლის ორგანიზმს ვირუსთან ბრძოლაში. ეს სიმპტომები ხშირად მოჩვენებითია ამ საყოველთაო შიშების ფონზე. ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამ ვირუსით არიან დაინფიცირებულები და ვარდებიან პანიკაში.

კიდევ ერთხელ !!! – ნუ აყვებით პანიკას, რადგან გართულებული ხველა და გაუსაძლისი უჰაერობა თუ არ გჭირთ, რომც იყოს თქვენში ვირუსი, ეს ნიშნავს, რომ მსუბუქ ფორმებში გაქვთ და ის თავისით გაივლის. არც ისეთი რთული ყოფილა, როგორიც მანამდე მეგონა.

იფიქრეთ მხოლოდ იმაზე, რომ ეს ვირუსი არის დროებითი და რამდენიმე დღეში თავისით წავა. ყოველი შემთხვევისთვის მე ვაგრძელებ თვითიზოლაციაში ყოფნას კიდევ 10 დღე, რათა გავუფრთხილდე სხვა ადამიანებს. გისურვებთ ჯანმრთელობას, დარჩით სახლში!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.