ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადებიდან 110 წლის იუბილეს თბილისის ბალეტის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი მიეძღვნება

ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადებიდან 110 წლის იუბილეს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი თბილისის ბალეტის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალს მიუძღვნის. ფესტივალის ზუსტი თარიღი რამდენიმე დღეში გამოცხადდება.

თბილისის ბალეტის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ვახტანგ ჭაბუკიანის ბალეტი „გორდა“ და „ლაურენსია“,  რომლებსაც რამდენიმე წელია თეატრის საბალეტო რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი უკავია. დაგეგმილია ჭაბუკიანის ქორეოგრაფიული მემკვიდრეობიდან კიდევ ორი შედევრის – ლუდვიგ მინკუსის „ბაიადერას“ მესამე მოქმედებიდან, საბალეტო სამყაროში „აჩრდილების“ სცენის სახელით ცნობილი ფრაგმენტის აღდგენა და ალექსი მაჭავარიანის „ოტელოს“ სუიტის დადგმა.

ბალეტის ხელმძღვანელის ნინო ანანიაშვილის განცხადებით, ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნებიან მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, რომლებიც, ტრადიციულად, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტებთან ერთად, იცეკვებენ ვახტანგ ჭაბუკიანის სპექტაკლებში.

თბილისის საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი 2017 წელს დაარსდა და ყოველწლიურად საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.