8 წლის გოგონამ ჭადრაკის ჩემპიონობა ემიგრანტ ბებიას მიუძღვნა

ქუთაისელი მოჭადრაკე, ბარბარე აშოთია საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულია. 8 წლის გოგონა ჩემპიონი ერთი ტურით ადრე გახდა. მან ამ გამარჯვებით საბერძნეთში, ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად საგზური მოიპოვა. ბარბარემ გამარჯვება ბებოს მიუძღვნა, რომელიც ემიგრაციაში იმყოფება.

თბილისში, ნონა გაფრინდაშვილის სასახლეში ჩატარდა საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი, სადაც ბარბარე 9 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ჩემპიონი ერთი ტურით ადრე გახდა

ჩემპიონატზე მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა იყო, ჯამში 234 ბავშვი მონაწილეობდა. ძალიან ძლიერი ნაკადი იყო, თითქმის ყველა რეგიონიდან იყვნენ ჩემპიონები, ძლიერი მოწინააღმდეგეები ჰყავდა ბარბარეს. იბრძოლა ძალიან ბევრი და მოიპოვა კიდეც ჩემპიონობა. ეს გამარჯვება ბებოს მიუძღვნა, რომელიც 15 წელია საბერძნეთში იმყოფება.

“გავიმარჯვებ, დამაფინანსებენ, ჩამოვალ საბერძნეთში და გნახავ, ბებოო” – უთხრა გოგონამ ბებიას.

ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ოჯახს ყოველთვის არ აქვს. 8 წლის გოგონას კი ჩემპიონატზე საზღვარგარეთ, ბუნებრივია მარტო ვერ გაუშვებენ.

„როგორც ვიცი, მხოლოდ ბავშვს უფინანსებენ მგზავრობას, მაგრამ მარტო ვერ გავუშვებ. წინა ტურნირზე 10 000 ლარის სესხი გამოვიტანე, რომ წამეყვანა და ჯერ ისიც არ მაქვს გასტუმრებული. იქნებ დაგვაფინანსოს ვინმემ. არასდროს მითხოვია მერიისთვის მსგავსი რამ, მერიდებოდა, ყოველთვის ჩემი ხარჯებით დავდიოდი, მიუხედავად იმისა, რომ ბარბარე საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული და საქართველოს არაერთგზის ჩემპიონია. არ ვიცი რა იქნება. ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული ყველაფერი. იქნებ მოგვაქციოს ვინმემ ყურადღება,“ -ამბობს თეონა მამრიკიშვილი, ბარბარეს დედა.

ბარბარე აშოთია არაერთი პრიზის მფლობელია. ის 7 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონია, 8 წლიანებში კი-სწრაფი და ელვისებური ჭადრაკის გამარჯვებულია. ბარბარე ევროპის საუკეთესო ათეულშიც მოხვდა, სადაც მეექვსე-მეშვიდე ადგილი გაიყო უკრაინასთან.

ბარბარეს მწვრთნელები ბექა ახალაძე და გია მენაბდე (უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელი) არიან.

წყარო: ტოპნიუსი 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები
Leave A Reply

Your email address will not be published.