25 იანვარს „ქართული სიმღერა – თამაშები (ნორდოფ – რობინსის მუსიკათერაპიის მიხედვით)“  პრეზენტაცია გაიმართება

25 იანვარს, 15:00 საათზე  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპრეზენტაციო დარბაზში გაიმართება ორენოვანი სანოტო კრებულის „ქართული სიმღერა-თამაშები (ნორდოფ – რობინსის მუსიკათერაპიის მიხედვით)“  პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კონკურსში „უსაზღვრო შესაძლებლობები“ გამარჯვებული პროექტის „ქართული სიმღერა-თამაშების წიგნი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის (ნორდოფ – რობინსის მუსიკათერაპიის მიხედვით)“ ფარგლებში.

პროექტის თანადამფინანსებელი და განმახორციელებელია ა(ა)იპ „სმენადარღვეულ ბავშვთა აბილიტაცია / რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ფონდი აი ია“. პროექტის  შედეგად, პირველად, საქართველოში შეიქმნა მსოფლიოში გავრცელებული ნორდოფ – რობინსის მუსიკის თერაპიის პრინციპებზე დაფუძნებული ქართულენოვანი სიმღერა – თამაშების წიგნი.

სიმღერა-თამაშების შექმნაზე ერთობლივად მუშაობდნენ წიგნის შემდგენელი, მუსიკალური რედაქტორი და კომპოზიტორი – გერმანიაში მოღვაწე, სერტიფიცირებული მუსიკათერაპევტი, M.A., ფსიქოთერაპევტი და ონკოფსიქოლოგი ქ – ნი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი და მისი ასისტენტები – საქველმოქმედო ფონდის ,,აი ია’’ გუნდის წევრები და კომპოზიტორები – სალომე ხუციშვილი და თამარ ჟორდანია. მათი ყოველდღიური პროფესიული საქმიანობის განუყოფელი ნაწილია სიმღერა-თამაშები და იმპროვიზაცია. მუშაობის საწყის ეტაპზე ყველა სიმღერა-თამაში, რომელიც თერაპიის პროცესში გამოიყენებოდა, გერმანულიდან უხეშ ნათარგმნს წარმოადგენდა. ბენეფიციარებთან თერაპიული პროცესის მიმდინარეობისას ბუნებრივად იბადებოდა ახალი – ქართული ენისთვის ორგანული სიმღერა – თამაშები. სწორედ აქედან გაჩნდა იდეა შექმნილიყო ქართულ ენაზე სიმღერა – თამაშების კრებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

პროექტის განხორციელების შედეგად შექმნილი წიგნები საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დაწესებულებას საჩუქრად გადაეცემა. კრებულების გავრცელება გერმანიის ქალაქ ვიტენში – ნორდოფ/რობინსის ცენტრშიც იგეგმება. წიგნების პრაქტიკაში გამოყენება  როგორც უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მომუშავე სარეაბილიტაციო ცენტრების სპეციალისტებს, ისე საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ტიპიური განვითარებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან მომუშავე მუსიკის მასწავლებლებს შეეძლებათ.

საქველმოქმედო ფონდი „აი ია“ 2016 წლის 14 აპრილს ბიზნესმენმა და მეცენატმა, ივანე ჩხარტიშვილმა დააფუძნა. ფონდი საქართველოში მცხოვრები სმენადარღვეული ბავშვებისთვის სრულფასოვანი რეაბილიტაციის მოდელის შემუშავებისა და დანერგვისთვის შეიქმნა. დაარსების დღიდან, ფონდი ათეულობით ოჯახს ემსახურება და ქვეყნისთვის უნიკალურ და კომპლექსურ სერვისს აწვდის, რაც კოხლარული იმპლანტის მქონე ბავშვებისთვის 2-დან 5 წლამდე ხანგრძლივობის კომპლექსური-მულტიდისციპლინარული მომსახურების გაწევას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები