,,დიმიტრი ერმაკოვი ირანში“-წიგნი საქართველოს მუზეუმის 100 წლის იუბილეს ეძღვნება

თბილისის ისტორიის მუზეუმში 15 ნოემბერს წიგნის პრეზენტაცია ,,დიმიტრი ერმაკოვი ირანში“ გაიმართება. წიგნი ეძღვნება საქართველოს მუზეუმის 100 წლის იუბილეს.

მეცხრამეტე საუკუნისა და მეოცე საუკუნის დასაწყისის გამორჩეული ფოტოგრაფი, ფოტოკოლექციონერი დიმიტრი ერმაკოვი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საქართველოში. მან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მრავალჟანრობრივი ფოტომატიანე შექმნა, სადაც წარმოდგენილია როგორც საქართველო და თბილისი, ასევე მისი მოგზაურობის შედეგად ასახული კავკასია, თურქეთი, ირანი და სხვა რეგიონები.

დიმიტრი ერმაკოვის ფოტომატიანე მოიცავს ათობით ათას ფოტოანაბეჭდს, მინის ნეგატივებსა და ალბომებს. ეროვნული მუზეუმის ფოტოარქივში დაცულ ამ მასალაში განსაკუთრებით გამოირჩევა ერმაკოვის მიერ შექმნილი ირანის ფოტომასალა. წიგნში წარმოდგენილი ფოტოები ასახავს მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების მიჯნაზე არსებულ ირანის ყოფას, სივრცეს, პორტრეტებს, ყაჯარულ ეპოქას. ერმაკოვმა ირანში სამჯერ იმოგზაურა, რამაც საშუალება მისცა მას დეტალურად დაეფიქსირებინა და სიღრმისეულად წარმოეჩინა ქვეყანა.

ერმაკოვის ფოტომატიანე, გარდა ისტორიული ღირებულებისა, სამეცნიერო დანიშნულებითაც გამორჩეულია და მნიშვნელოვან სინამდვილეს გვაცნობს ადრეული ფოტოგრაფიის შესახებ, როგორც ირანში, ისე იმ ადგილებში, სადაც ის ფოტოარქივს ქმნიდა.

წიგნის პრეზენტაციაზე, საგამოფენო დარბაზში, წარმოდგენილი იქნება ციფრული ექსპოზიცია, სადაც დამთვალიერებელი გაეცნობა წიგნში თავმოყრილ ფოტოებს თემატური თანმიმდევრობით: სივრცე, ყოფა, პორტრეტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები