ბოსტონში ჩატარებულ ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე ავთანდილ ჭიქავამ პირველი ადგილი დაიკავა

ამერიკის ქალაქ ბოსტონში ჩატარებულ ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსზე ავთანდილ ჭიქავამ პირველი ადგილი დაიკავა.

გამარჯვების შესახებ თავად შემსრულებელმა სოციალურ ქსელში დაწერა და მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის ქალბატონ ნონა ჯავახიძეს, ასევე თავის პედაგოგებს — რამაზ კუბლაშვილსა და გულიკო კარიაულს მრავალწლიანი შრომისთვის, და კონცერტმაისტერებს — ეკა გოგოლიძესა და მეგი ჭანტურიას.

ავთანდილ ჭიქავა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულების კურსდამთავრებულია და უკვე აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა პრესტიჟულ ფესტივალსა და საოპერო დადგმაში.

2026 წლის მაისში მან ასევე მესამე პრემია მოიპოვა სიღნაღში გამართულ კონკურს-ფესტივალზე „მომავლის ხმა – ვანო სარაჯიშვილის სახელობის პრემია“.