ფოთი საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს მასპინძლობს

11–20 ივლისის განმავლობაში ფოთი კვლავ საერთაშორისო ჭადრაკის ცენტრად გადაიქცევა. ქალაქი უკვე მეცხრამეტედ უმასპინძლებს საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს ‘ნანა ალექსანდრიას თასი’, რომელიც ყოველწლიურად უფრო მასშტაბური და მრავალფეროვანი ხდება.
ჭადრაკის ფედერაციის ინფორმაციით, 2026 წლის ფესტივალმა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეკორდი დაამყარა. ტურნირში მონაწილეობას 9 ქვეყნის 530-მდე მოჭადრაკე მიიღებს, რაც ფესტივალის არსებობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გაიზარდა საპრიზო ფონდიც და წელს იგი 65 000 ლარს შეადგენს.
განსაკუთრებით მრავალფეროვანია ფესტივალის პროგრამა, რომელიც 18 სხვადასხვა ტურნირს აერთიანებს. მონაწილეებს ელოდებათ საერთაშორისო ღია ტურნირები, ასაკობრივი შეჯიბრებები 6-დან 10 წლამდე მოჭადრაკეებისთვის, საოჯახო ტურნირები, ელვისებურსა და სწრაფ ჭადრაკში, ასევე, ფიშერის ჭადრაკის ტურნირები. მონაწილეები იბრძოლებენ როგორც ფულადი, ისე სპეციალური პრიზებისთვის – სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. გამარჯვებულები როგორც ფულადი, ასევე სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან.
ფესტივალის მთავარი მხარდამჭერები არიან: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, ორგანიზატორი – ფოთის საჭადრაკო კლუბი ‘ნანა’.
ფესტივალის მთავარი მიზანია ჭადრაკის პოპულარიზაცია, საერთაშორისო სპორტული თანამშრომლობის გაღრმავება და ფოთის, როგორც მნიშვნელოვანი სპორტული და ტურისტული ქალაქის, კიდევ უფრო ფართოდ წარმოჩენა. ღონისძიების დღეებში ქალაქი 1000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს.
საჭადრაკო ფესტივალი