პარმის სამეფო თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “აბესალომ და ეთერის” პრემიერა გაიმართა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიაში, ქალაქ პარმის სამეფო თეატრში, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “აბესალომ და ეთერის” პრემიერა გაიმართა.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გოჩა კაპანაძე, დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი, სცენოგრაფია ეკუთვნის ლომგულ მურუსიძეს, ხოლო კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინია.

საოპერო სპექტაკლში მონაწილეობდნენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი, სოლისტები, ახალგაზრდა ქართველი მომღერლები, იტალიელი მუსიკოსებით დაკომპლექტებული ორკესტრი და ფლორენციაში არსებული ქართული ცეკვის ანსამბლი “მამული”.

პარმის სამეფო თეატრში “აბესალომ და ეთერის” პრემიერა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის შემოქმედებითი თანამშრომლობის გაძლიერებას, პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული საოპერო მუსიკის პოპულარიზაციას.

დადგმა პროექტის – “ქართული საოპერო შედევრების საერთაშორისო პრემიერები” ფარგლებში განხორციელდა.

აბესალომ და ეთერი