ხალხური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე (Svetozar Stracina Grand Prix) პირველი არხის პროექტ „ხალხურში“ ანსამბლ „ახალი ბანას“ შესრულებულმა სიმღერამ, „ნადურმა“ გაიმარჯვა – სიმღერა „ნადური“ აუდიტორიის რჩეული გახდა.
ფესტივალი, სლოვაკეთის ტელევიზიისა და რადიოს ორგანიზებით და ევროპის მაუწყებელთა კავშირთან თანამშრომლობით, 14-16 აპრილს ჩატარდა.
“წელს ფესტივალზე 14 ქვეყნიდან 31 ჩანაწერი იყო წარდგენილი. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა.
ფესტივალის ისტორიაში წელს პირველად ხმის მიცემის საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული ნომინაციაში – აუდიტორიის რჩეული. ქართული ხალხური სიმღერისთვის გადაცემული პრიზი სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე ქვაჩაკიძემ ჩაიბარა.
პირველი არხის მიერ ხალხური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე – Svetozár Stračina Grand Prix 2026 – წარდგენილი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტებში შესრულებული ქართული ხალხური სიმღერები: „ჩაკრულო“, საბავშვო მუსიკალურ პროექტ „რანინაში“ გაბრიელ ბოდაველის, სანდრო გურგენაძის და ანსამბლ „შავნაბადას“ შესრულებით. პროექტ „ხალხურში“, ანსამბლ „ახალი ბანას“ შესრულებული სიმღერა „ნადური“ და პროექტ „აკუსტიკაში“ ვასო კორნიენკოს მიერ შესრულებული „ჩემო ვარდო“.
„გადაცემა „ხალხურში“ შესრულებულმა სიმღერამ „ნადური“ ხალხური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვა და აუდიტორიის რჩეული გახდა”, – ნათქვამია პირველი არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს პირველი არხის მიერ ხალხური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალზე, Svetozar Stracina Grand Prix-ზე წარდგენილმა სიმღერამ „ხასანბეგურამ“ სპეციალური პრიზი – „ხალხური მუსიკის საუკეთესო ჩანაწერი“ მოიპოვა.