ალიკანტეს მოქმედმა დიასპორამ დედაენის დღე აღნიშნა

ალიკანტეს მოქმედმა დიასპორამ დედაენის დღე აღნიშნა და მწერალ მიხეილ ღანიშაშვილს უმასპინძლა. გაეცნენ მის პოეზიას, პატარებმაც წაიკითხეს ლექსები. აგრეთვე, მწერალი ესაუბრა ბავშვებს ქართული ენის მნიშვნელობაზე.

„ალიკანტეს დიასპორა გულითად მადლობას უხდის ბატონ მიხეილს სტუმრობისთვის და საინტერესო შემოქმედებისთვის. მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომლის ეგიდითაც მომზადდა სპეციალური პრეზენტაცია ჩვენი ემიგრანტი ქართველებისთვის, ასევე ბატონ მირიან ხოსიტაშვილს საინტერესო და შემეცნებითი საჯარო ლექციისთვის. იმედს ვიტოვებთ, რომ ამგვარი შეხვედრები და კულტურული ღონისძიებები დარჩება მუდმივ ტრადიციად, რათა ემიგრანტთა მომავალი თაობებისთვის შენარჩუნდეს ის ღირებულებები და ტრადიციები, რომლებზედაც თაობები იზრდებოდნენ, რომლებსაც არასოდეს მოვწყდებით და რამაც დღემდე მოგვიყვანა ქართველობა“, – ნათქვამია ალიკანტეს ქართულ დიასპორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღონისძიებაში დისტანციურად ჩაერთო ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, რომელმაც ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ყოველთვის ძალიან მახარებს ჩვენს დიასპორასთან შეხვედრა. დედა ენის დღესთან დაკავშირებით ესპანეთში ქართული დიასპორის შესანიშნავ წარმომადგენლებს შევხვდი დისტანციურად.  ვისაუბრეთ ქართული ენის მნიშვნელობაზე ჩვენი ერის ჩამოყალიბების პროცესში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების უდიდეს ეროვნულ საქმეებზე, გოგებაშვილის დედაენის სწავლების  თავისებურებებზე, გავიხსენეთ 1978 წლის 14 აპრილის დიდებული მოვლენები,  როცა ქართველებმა სამაგალითო ერთიანობა გამოიჩინეს და მშობლიური ენა დაიცვეს.

სამშობლოდან შორს, უცხო გარემოში  მშობლიური ენის შენარჩუნება და  მომავალი თაობისთვის გაზიარება  ეთნიკური იდენტობის   არ დაკარგვის მთავარი ნიშანია“, – განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.