ფიგურულ ციგურაობის იუნიორთა გრან-პრის სერიათა ფინალში ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა ოქროს მედალი მოიპოვა

ფიგურულ ციგურაობის იუნიორთა გრან-პრის სერიათა ფინალში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. სპორტულ ცეკვებში ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილმა მოკლე, თავისუფალი და ორივე პროგრამის ჯამში სეზონის და კარიერის საუკეთესო შედეგი დაიმსახურა და ოქროს მედალი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრების წარმომადგენლებმა მოკლე პროგრამაში მსაჯებისგან 70.48 ქულიანი შეფასება მიიღეს. ასევე საუკეთესოები იყვნენ თავისუფალ პროგრამაში მიღებული 131.63 ქულით. კარიერის საუკეთესო შედეგი ერგოთ ორივე პროგრამის გათვალისწინებითაც – 202.11.

გასათვალისწინებელია, რომ გრან-პრის სერიათა ფინალში თითოეული დისციპლინიდან საუკეთესო ექვსეული გამოდიოდა. ასე რომ, საუკეთესოებს შორის გამარჯვება ორმაგ მნიშვნელობას იძენს. მით უმეტეს, თუ მეორე და მესამე ადგილებს კანადელები იკავებენ. ცნობისთვის, მეორეზე გასული კანადელები ქართულ წყვილს 33.28 ქულით ჩამორჩნენ.

„შეჯიბრების შემდეგ ჩემი განცდები იგივეა – შვება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კარგი შეჯიბრებაა. ბედნიერები ვართ იმით, როგორც გამოვედით. წინ ევროპის ჩემპიონატი მოგველის. კვლავაც უმაღლეს მიზნებს ვისახავთ, შეიძლება გამარჯვებაც. ასევე ვგეგმავთ მსოფლიო და იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლას,“ – გამარჯვების შემდეგ განაცხადა ლუკა ბერულავამ.