ნიკოლოზ გიგაური ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონი გახდა

ვენეციაში მიმდინარე კარატე 1-ის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონატის მეორე დღე ძალიან წარმატებული იყო ჩვენი ნაკრებისთვის.ნიკოლოზ გიგაური ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონი გახდა.

ნიკამ  წარმატებით  დაძლია 6 წრე 76+ კგ. წონით კატეგორიაში, სადაც 96 სპორტსმენი მონაწილეობდა.

მან ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა 3 იტალიელი და 3 უკრაინელი სპორტსმენი და გავიდა ფინალში, სადაც  მე-7-ე  ბრძოლაში  ანგარიშით 5:1 დაამარცხა ლუქსემბურგელი სპორტსმენი, ალექსანდრე დევიესი და ჩვენი დელეგაციისთვის პირველი ოქროს მედალი მოიპოვა ვენეციაში.

ნიკოლოზ გიგაურის გარდა წარმატებით იასპარეზა ნოდარ სუპატაშვილმაც. მან წარმატებით გაიარა 5 ორთაბრძოლა – 55 კგ. წონით კატეგორიაში, დაამარცხა ინგლისელი, შვედი, შოტლანდიელი, მექსიკელი მეტოქეები და ნახევარფინალში, სამწუხაროდ, დამარცხდა ბელგიელ სპორტსმენთან. ნახევარფინალს ნოდარი იგებდა ანგარიშით 2-0, თუმცა ბოლო 20 წამში ბელგიელმა სპორტსმენმა 3 ქულიანი დარტყმით შეძლო ჩვენი სპორტსმენის დამარცხება.

ნოდარ სუპატაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლასაც აგებდა ანგარიშით 2:0, მაგრამ მან შეძლო ბრძოლის გარდატეხა, აზერბაიჯანელი მეტოქე ამინ იადიგარლი ანგარიშით 3:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა;

ორი დღის შედეგებით ქართველი სპორტსმენების ანგარიშზე 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალია.