თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების გუნდი Make It Bright Challenge – 4th Edition-ის გამარჯვებულია

თავისუფალი უნივერსიტეტის ინფორმაციით, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) სტუდენტების გუნდი საერთაშორისო კონკურსის Make It Bright Challenge – 4th Edition გამარჯვებულია.

გუნდის წევრები ბიზნესის სკოლის III კურსის სტუდენტები ლუკა ყვირალაშვილი, გიორგი გრძელიძე და სანდრო მაჭავარიანი არიან, ხოლო მენტორი ამავე სკოლის კურსდამთავრებული დავით ბერაძეა.

სტუდენტებმა საკმაოდ მაღალი კონკურენციის პირობებში შეძლეს წარმატების მოპოვება და კონკურსის არსებობის ისტორიაში პირველად საქართველოს გუნდი გახდა გამარჯვებული.

გუნდის წევრებს საშუალება ექნებათ 6 თვის განმავლობაში გაიარონ ანაზღაურებადი გლობალური სტაჟირება კომპანია JTI-ში.

Make It Bright Challenge საერთაშორისო კომპანია JTI-ის სტუდენტური კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად ჟენევაში იმართება და მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტების კარიერული განვითარების მხარდაჭერას საერთაშორისო მასშტაბით.