რეპრესირებული მწერლების მუზეუმის პირველი პრეზენტაცია გაიმართა

26 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში რეპრესირებული მწერლების მუზეუმის პირველი პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას გორის რაიონის სკოლების ისტორიისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ესწრებოდნენ.

ეს არის მწერალთა სახლში არსებული რეპრესირებული მწერლების მუზეუმის რეგიონული ლექციების პირველი შეხვედრა, რომელსაც სხვა არაერთი მსგავსი ღონისძიება მოჰყვება.

ამ შეხვედრების მიზანი ისევე, როგორც მუზეუმის ფუნქცია, საბჭოთა ტოტალიტარიზმისა და მისი მასობრივი დანაშაულების შესახებ ჯერ კიდევ უცნობი ცოდნის გავრცელება და საზოგადოებამდე მიტანაა.

განსაკუთრებულად კი ისეთი კომპლექსური საკითხის, როგორიცაა ხელოვანთა ბედი ტოტალიტარულ სისტემაში.

“მუზეუმის მოძრავი ექსპოზიცია ისევე, როგორც მაჩაბლის 13-ში განთავსებული თავად მუზეუმი, ჰყვება რეპრესიების პერიოდზე, კონტექსტსა და იმ მექანიზმებზე, რომლებსაც ტოტალიტარული სახელმწიფო იყენებდა „მწერლობის მოსათვინიერებლად“; დოკუმენტებისა და ფოტო მასალის მოშველიებით გვიამბობს ტერორზე დამყარებული რეჟიმის მთავარ მახასიათებელზე, როცა არავის სიცოცხლე და ხელშეუხებლობა გარანტირებული არაა, მიუხედავად მორჩილებისა და მეტიც, გულწრფელი თანამშრომლობის თუ აქტივიზმისა.

სტუდენტებთან, ახალგაზრდებთან, მასწავლებლებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ მსმენელთან შეხვედრები  რეგიონებში არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა მემორიალიზაციისა და მასზე საზოგადოების ახლებური რეფლექსირებისათვის.

და რაც მთავარია, ეს არის ცოდნის გაღრმავება ჩვენს უახლეს ისტორიაზე ფაქტებით, დოკუმენტებითა და წყაროებზე დაყრდნობით, იმ ისტორიაზე, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს შესასწავლი და ახლიდან აღმოსაჩენი“, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.