ექსპო ჯორჯია „ეთნოფესტი 2022“-ს მასპინძლობს

თბილისში „ეთნოფესტი 2022“ მიმდინარეობს.  მან გააერთიანა მხატვრული რეწვის და დიზაინის ადგილობრივი და უცხოელი წარმომადგენლები. ფესტივალზე წარმოდგენილია ხელნაკეთი პროდუქცია, ასევე მიმდინარეობს სხვადასხვა მასტერკლასები, საერთაშორისო სემინარი და ვორკშოფები.

ფესტივალი 16 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება ექსპო ჯორჯიას 4, 5, 6 პავილიონებში, სადაც ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა მივიდეს, დაათვალიეროს და შეიძინოს უნიკალური ხელნაკეთი ნივთები.

ეთნოფესტი – მხატვრული რეწვის და დიზაინის თბილისის საერთაშორისო სამიტი წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან პლატფორმას. ფესტივალი აერთიანებს ექსპოს, გამოფენებს, ტრენინგებს, პრეზენტაციებს, საჯარო ლექციებსა და ბიზნესს შეხვედრებს.

სამი დღის მანძილზე ღონისძიება ერთ სივრცეში თავს უყრის ადგილობრივ და უცხოელ შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს, კერძოდ, მეწარმეებს, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დიზაინერებს, ხალხური რეწვისა და ხელნაკეთი პროდუქციის ოსტატებს, კომერციულ აგენტებს, დარგის ექსპერტებს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და ფართო საზოგადოებას.

ეთნოფესტის მიზანია მხატვრული რეწვის და დიზაინის, როგორც შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროს, განვითარების ხელშეწყობა; დარგის როლის გაძლიერება ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონტექსტში, მათ შორის ტურიზმის ინდუსტრიაში; ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ტრადიციული/მხატვრული რეწვის ნაწარმის ცნობადობის გაზრდა და პროდუქციის მარკეტინგის ხელშეწყობა.

ეთნოფესტი დაარსდა 2016 წელს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში და მას შემდეგ ოპერირებს ბიენალეს პრინციპით. წელს ფესტივალი უკვე მეოთხედ ტარდება.