მანჰეტენზე, ქართველი მხატვრების მონაწილეობით, გრანდიოზული გამოფენა გაიმართა

3-9 ოქტომბერს, მანჰეტენზე “ტრიბეკაში”, პანდემიის  შემდეგ პირველი გრანდიოზული გამოფენა გაიმართა ქართველი მხატვრების მონაწილეობით.

ქართველი მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის კარგად არის ცნობილი ამერიკული არტპრომოუშენ კომპანია “Madatart”-ი, რომლის ხელმძღვანელია მარიტა დამენია. უკვე რამდენიმე  წელია, “Madatart”- მა  200-ზე მეტი ქართველი ხელოვნის ნამუშევარი გამოფინა ნიუ – იორკსა და მაიამიში.

წელს გამოფენაში მონაწილეობდნენ:

ელენე ასიტაშვილი,  ლევან ბურდული, ცირა ახობაძე,  ლელა ქართველი, ანუკი ბუჯიაშვილი, თამარ აბულაძე,  ნინუკა ბორჩხაძე,  ია მერკვილაძე,  მერი შერვაშიძე,  ლიანა დავიდიანი,  ჯემალ კუხალაშვილი, თეონა ასიტაშვილი, სანდრო  ღვინიაშვილი, ნინო აბულაძე, ნათია მაჭარაშვილი.

„ქართული კვირა“ დაუკავშირდა ლელა ქართველს და გაესაუბრა.

ლელა ქართველი: – „კომპანია  “Matadart” -ის  ორგანიზებით, ქართველი მხატვრების გამოფენა პერიოდულად ეწყობა ამერიკაში.

მეც, რაც ემიგრაციაში ვიმყოფები, ყოველწლიურად ვმონაწილეობ მასში. განსაკუთრებით ემოციური იყო ჩემთვის 2018 წლის პირველი გამოფენა, როდესაც ნიუ – იორკში ქართველი მხატვრების ერთობლივი გამოფენა ჩატარდა და მეც დიდი სიყვარულით შევხვდი ემიგრანტ მხატვრებს.

ემიგრაციაში ყოფნის დროს უფრო მძაფრდება პატრიოტული გრძნობები, სამშობლოდან შორს ყოფნა და მონატრება ცოტა დეპრესიულ განწყობას აღვივებს, რაც მხატვრების შემოქმედებაში ქვეცნობიერში იჩენს ხოლმე  თავს, თუმცა ის გარემოება, რომ გყავს დამთვალიერებელი და შენი შემოქმედებით შეგიძლია სხვა ადამიანებიც სულიერად გამოკვებო იმდენად გავსებს და დადებითად გმუხტავს, რომ აქ  უკვე ყველა უარყოფითი მხარე  მეორეხარისხოვანია, გავიწყდება ყველაფერი, მომავლის იმედი გესახება, უფრო მტკიცე ხდება შენი მიზნები და ორმაგად გინდა, რომ წარმოაჩინო შენი ქვეყნის კულტურა, ისტორია და შესაძლებლობები.

ჩვენ, ემიგრანტები, ამით ვაძლიერებთ  ერთმანეთს და სიამაყით ვატარებთ ჩვენ  ქართველობას“, – განაცხადა ლელა ქართველმა.