დავით ლობჟანიძე გერმანიის საუკეთესო მწვრთნელად უკვე მესამედ დაასახელეს

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი, საერთაშორისო ოსტატი დავით ლობჟანიძე, გერმანიის 2021 წლის საუკეთესო მწვრთნელად უკვე მესამედ დაასახელეს.

დავით ლობჟანიძე წლების განმავლობაში მუშაობდა გერმანიაში უნიჭიერეს ქართველ დიდოსტატ  დავით ბარამიძესთან. 2004 წელს ის მიიწვიეს ქალაქ დრეზდენში საქსონიის რეგიონის მთავარ მწვრთნელად.  2004-2006 წლებში მისმა მოსწავლეებმა მოიპოვეს 12 ოქროს მედალი გერმანიის ჩემპიონატში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში.

ამ მიღწევებისთვის დავითი 2006 წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

2014 წელს მეორედ მიენიჭა  წლის საუკეთესო მწვრთნელის წოდება, როდესაც მისმა მოსწავლეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი ვერცხლი და გერმანიის ჩემპიონატზე სამი ოქროს მედალი აიღეს აიღეს. მათ შორის იყო ვინსენტ კაიმერი, დღეს ის გერმანიის N1 მოჭადრაკეა 2700 რეიტინგით.

სულ დღემდე გერმანიის ახალგაზრდულ პირველობებზე მის მოსწავლეებს მოპოვებული აქვთ 32 ოქროს მედალი.

„გერმანიის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული მესამედ მომანიჭეს, პირველად 2006, შემდეგ კი 2014 წელს მაღიარეს წლის მწვრთნელად. ასევე აღვნიშნავდი რომ ჩემამდე ამ ტიტულს 2020 წელს, 80-იანი წლების  საჭადრაკო  სამყაროს ერთ-ერთი უძლიერესი დიდოსტატი არტურ იუსუპოვი ფლობდა“, – განაცხადა დავით ლობჟანიძემ.