ფინეთში ჩელენჯერის სერიის საერთაშორისო ტურნირზე ანასტასია გუბანოვამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ფინეთის ქალაქ ესპოში გათამაშდა მედლების ბოლო კომპლექტი ერთეულ ქალებს  შორის .

25 სპორტსმენს შორის ქართველმა მოციგურავემ, ანასტასია გუბანოვამ 197,56 ქულით მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. მან პოზიციები მხოლოდ კორეელ მოციგურავეებს დაუთმო, ევროპელ სპორტსმენებს შორის კი ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა. ანასტასია გუბანოვამ ფინეთში სეზონის ახალი პროგრამები წარმოადგინა.

ანასტასიასთვის ეს პირველი ოფიციალური ტურნირი იყო და ბრინჯაოს მედალი, სეზონის საწყის ეტაპზე, ნამდვილად, წარმატებული შედეგია.

აქვე გაცნობებთ, რომ პოლონეთის ქალაქ  გდანსკში  მიმდინარე იუნიორთა  შორის  გრანპრის მეექვსე  ეტაპი  მოცეკვავე წყვილების  თავისუფალი პროგრამით  დასრულდა.

ამ სეგმენტში მონაწილეობას იღებდა დებიუტანტი ქართველი მოცეკვავე  წყვილი გრეიც  ელიზაბეტ  ვაენიკი და ეჰორ  ბარშაკი. თავისუფალი პროგრამაში მათ მე- 10 პოზიცია  აჩვენეს, ხოლო  ორი პროგრამის  ჯამში   128, 03 ქულით,  17 მონაწილე   წყვილს  შორის მე- 11  ადგილი დაიკავეს.

გრანპრის მეექვსე ეტაპზე, ასევე, ასპარეზობა დაასრულეს იუნიორმა ვაჟებმა, სადაც მონაწილეობდა დებიუტანტი ქართველი მოციგურავე  კონსტანტინე  სუპატაშვილი. ჩვენმა სპორტსმენმა მაქსიმალურად  უშეცდომოდ და დამაჯერებლად  შეასრულა  თავისი თავისუფალი პროგრამა და ტურნირის ამ ნაწილში მე- 9 ადგილი დაიკავა, ხოლო ორი პროგრამის ჯამში 171, 84 ქულით, 30 მონაწილე სპორტსმენს შორის მე- 12 პოზიციით დაასრულა გრანპრის ეტაპების სერიაზე თავისი გამოსვლები.