ჯერემი თაში – Artists In/Out of Place: Creative Resistance & Resisting Creativity

მწერალთა სახლისა და ამერიკის საელჩოს ერთობლივი სარეზიდენციო პროგრამის Writer-in-Residence ფარგლებში მწერალთა სახლის რეზიდენციას აშშ-ს თოუსონის უნივერსიტეტის ევრაზიული და გლობალური საკითხების პროფესორი, ჯერემი თაში სტუმრობს. რეზიდენციაში ცხოვრების პერიოდში მკვლევარი იმუშავებს რეპრესირებული მწერლების მუზეუმში თავმოყრილ საარქივო მასალებსა და საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული მწერლების ისტორიებზე.

ჯერემი თაში არა ერთი ავტორიტეტული პროფესიული ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი იყო სხვადასხვა წლებში. 2014-2017 წლებში ის ამერიკის გეოგრაფთა ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრი იყო, ხოლო 2015-2017 წლებში ხელმძღვანელობდა რუსეთის, ცენტრალური ევრაზიისა და აღმოსავლეთ ევროპის სპეციალისტთა ჯგუფს ამავე ასოციაციაში; ის იყო აგრეთვე ჟურნალ „ევრაზიის გეოგრაფია და ეკონომიკა“ საგამომცემლო საბჭოს წევრიც.

ჯერემი თაშს გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები პოლიტიკურ ეკოლოგიაზე, კრიტიკულ გეოპოლიტიკისა და სხვა საკითხებზე.

„რეპრესირებული მწერლების მუზეუმზე მუშაობის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. იუნესკოს პროექტის – „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ და აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით 2022 წლის შემოდგომაზე მუზეუმი დასრულებულ სახეს მიიღებს.

რეპრესირებული მწერლების მუზეუმში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა და მწერალთა სახლის გუნდის მიერ თავმოყრილ მასალებზე დაყრდნობით სარეზიდენციო პროგრამის Writer-in-Residence-ის მონაწილეების მიერ დაწერილი ტექსტები და ნაშრომები გამოქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე როგორც ქართულ, ასევე დასავლურ ბეჭდურ თუ ონლაინ პლატფორმებზე”, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მწერალთა სახლის რეზიდენტი, ამერიკელი მკვლევარი ჯერემი თაში, ხუთშაბათს, 28 ივლისს, 16:00 საათზე,  ჩაატარებს ვორქშოფს Artists In/Out of Place: Creative Resistance & Resisting Creativity.

სამუშაო ენა: ინგლისური

მონაწილეობა თავისუფალია.