მილანში თანამედროვე ქართველი მხატვრის დავით მურაჩაშვილის გამოფენა გაიმართა

თანამედროვე ქართველმა მხატვარმა დავით მურაჩაშვილმა, მილანში – ნავილიო გრანდეს  სახელგანთქმულ გალერეაში,  პირველი პერსონალური გამოფენა “სამყარო ხელისგულზე” გამართა. გამოფენამ უამრავ დამთვალიერებელს უმასპინძლა, რომელთა შორის იყვნენ იტალიის წამყვანი მხატვრები და მოქანდაკეები.

გამოფენის პარალელურად, მხატვარი ატარებდა  მასტერკლასს, სადაც მსურველებს მასთან ერთად შეეძლოთ  დაეხატათ.

დავით მურაჩაშვილის ხელოვნებამ ყველა აღაფრთოვანა. ბევრი ნახატი გაიყიდა, მხატვარმა უამრავი შეკვეთა მიიღო და უახლოეს პერიოდში მეორე გამოფენაც დაიგეგმა.

“საზოგადოებამ კარგად იცის, რომ პირველი პერსონალური გამოფენა “სამყარო ხელისგულზე” სწორედ საქართველოში, ჩემს სამშობლოში, უნდა გამემართა. ამ იდეას ხელი პანდემიამ შეუშალა. ადრეც მითქვამს, საქმიანი მოლაპარაკება დღემდე მაქვს გერმანიასთან, ამერიკასთან და დუბაისთან, სადაც თანამშრომლობას მთავაზობენ და მომდევნო გამოფენები სწორედ იქაა დაგეგმილი, თუმცა პირველ საგამოფენო სივრცედ იტალია შევარჩიე. წინ დიდი გეგმები მაქვს, მინდა ბევრისთვის სტიმული და მაგალითი ვიყო, რომ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. იმედი მაქვს, იტალიაში ბევრ დამწყებ თუ პროფესიონალ ხელოვანს დავეხმარები გზის გაკვალვაში”- აღნიშნა დავით მურაჩაშვილმა  „ქართულ კვირასთან“ საუბრისას.

გამოფენა მილანში არსებული ქართული კულტურული ასოციაცია “ქართული სახლის” მხარდაჭერით მოეწყო.