ფიზიკის 52-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IPhO 2022) ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა

ფიზიკის 52-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IPhO 2022) ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული შედეგი დააფიქსირა, ნაკრების წევრებმა 1 ოქროს,  2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ IPhO 2022 უმაღლესი დონის ოლიმპიადაა ფიზიკაში და წელს 400 მონაწილე იღებდა მონაწილეობას.

“ფიზიკის ეროვნული ნაკრების 5-წევრიანი შემადგენლობიდან 4 კომაროვის სკოლის მოსწავლეა.

კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ოქროს, ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ირაკლი უგულავა დაჯილდოვდა ოქროს მედლით, დაჩი ჭოტაშვილი ვერცხლის, ხოლო ბრინჯაოს მედლების მფლობელები გიორგი ჩხიკვაძე და ანდრია მანჯავიძე გახდნენ. ვერცხლის მედალი მოიპოვა გრიგოლ ცირეკიძემ (ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა).

ეროვნულ ნაკრებს ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ინტენსიურ ერთთვიან წვრთნას უტარებდნენ  მწვრთნელები  რამაზ ხომერიკი, გრიგოლ ფერაძე, გიორგი ბახტაძე და გიორგი ძაძამია, რომელიც კომაროვის სკოლის 2020 წლის გამოშვების კურსდამთავრებული და ფიზიკის წრის მასწავლებელია”, ნათქვამია სკოლა-პანსიონი კომაროვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წელს, ოლიმპიადა შვეიცარიაში ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.