ზაგრების გრან-პრის ხუთი მედალი და გუნდური მეხუთე ადგილი

ზაგრების გრან-პრის დასკვნით დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ორი მედალი მოიპოვა, მთლიანობაში ხუთი მედალი დააგროვა და მედლების საერთო ჩათვლაში (ქალთა და კაცთა) მეხუთე ადგილი დაიკავა.

გრან-პრის მესამე დღეს საუკეთესო შედეგი ჰქონდა ბექა ღვინიაშვილს (-90 კგ). ქართველი ძიუდოისტი ასპარეზობას მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა ჩეხი, ბერძენი, ფრანგი და იაპონელი მეტოქეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი ბრაზილიელ რაფაელ მასედოს ჯერ ვაზარი აართვა, შემდეგ კი წმინდა გამარჯვებაც მოიპოვა და ზაგრების გრან-პრი ოქროს მედლით დაასრულა.

ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა ილია სულამანიძეს (-100 კგ). მომავალი მედალოსანი შეჯიბრს მეორე წრიდან შეუდგა. დაამარცხა ხორვატი, ესტონელი, ყაზახი და პოლონელი მეტოქეები, მაგრამ გადამწყვეტ შეხვედრაში ნიდერლანდელ მიხაელ კორელთან ოქროს ქულით დამარცხდა და ზაგრების გრან-პრი ვერცხლის მედლით დაასრულა.

ერთი დღით ადრე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ტატო გრიგალაშვილმა(- 81 კგ). გრან-პრის პირველ დღეს ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი სარდალაშვილმა (- 60 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (- 57 კგ) კი ვერცხლის მედლით დაასრულა ზაგრების გრან-პრი.