მესტია სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს

10 ივლისს, სვანეთის რიგით მეორე საერთაშორისო კინოფესტივალი  საზეიმოდ გაიხსნა.

აღნიშნული ფესტივალი წელს 13 უცხოელ და 45 ქართველ კინოხელოვანს მასპინძლობს, მათ შორის არიან კანის, ბერლინალეს, სანდესის, ტალინის, გეტებორგის, ლოკარნოსა და სხვადასხვა მთავარი პროგრამერები.

ფესტივალზე წარმოდგენილია მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი.

ფესტივალის ფარგლებში საკონკურსოდ შერჩეული ოცდაათამდე  მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება მიმდინარეობს ყოველდღიურად მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში, ასევე სეტის მოედანზე, ღია ცის ქვეშ.

ფესტივალის გრანდიოზული დასკვნითი ღონისძიება გაიმართება 15 ივლისს, 20:00 საათზე, სეტის მოედანზე, ღია ცის ქვეშ. მოწვეული პროგრამერების მიერ გამოვლინდება საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომლის ავტორსაც გადაეცემა ,,ქალღმერთი დალი”-ს გრან-პრი, ხოლო სხვა გამარჯვებულ ფილმების ავტორებს გადაეცემათ ფულადი პრიზები.

სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია, სასტუმრო ,,ფოსტა”, სს ,,თელიანი ველი”  და სარეკლამო კომპანია allprint

სვანეთის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი 2021 წლის სექტემბერში გაიმართა. ფესტივალის დამფუძნებლები და ორგანიზატორები არიან ახალგაზრდა სვანი კინორეჟისორი, მარიამ ხაჭვანი და მისი მეუღლე თემო ჩხვიმიანი.