საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა უნგრეთის გრანდ სლემი 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა უნგრეთის გრანდ სლემის დასკვნით დღეს კაცთა სამ – 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშებული მედლების კომპლექტიდან ორი მედალი მოიპოვა.

ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაება. დაამარცხა სერბი, ტაჯიკი და ამერიკელი მოწინააღმდეგეები, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონელ სანშირო მურაოსთან ოქროს ქულით წაგების შემდეგ, რეპეშაჟზე გადაერთო. ბექამ ბრინჯაოს შანსი გამოიყენა – უნგრელი გერგელ ნერპელი იპონით დაამარცხა და კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.

უნგრული ტატამი შედეგიანი გამოდგა ჩვენი გუნდის ყველაზე გამოცდილი წევრის ვარლამ ლიპარტელიანისთვის (100 კგ), რომელმაც ფინალამდე გაიკვალა გზა, მაგრამ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში დამარცხდა.

რიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონატების სამი ვერცხლის და ამდენივე ბრინჯაოს მედლის მფლობელი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, ოთხი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს, ასევე ევროპული თამაშების ორი ვერცხლის მედლის მფლობელი ლიპარტელიანი შეჯიბრებას პირველი წრიდან შეუდგა.

დაამარცხა სერბი, გერმანელი, ბრაზილიელი და დანიელი მეტოქეები, გადამწყვეტ შეხვედრაში კი იაპონელ კენტარო იდასთან ვაზარით დამარცხდა და უნგრეთის დიდი პრიზი ვერცხლის მედლით დაასრულა.

ერთი დღით ადრე ჩვენი გუნდის ყველაზე ტიტულოვანმა წარმომადგენელმა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) მეორე ადგილი დაიკავა, გრან სლემის პირველ დღეს კი ასევე ვერცხლის მედალი აიღო ლუხუმ ჩხვიმიანმა (60 გ), თემურ ნოზაძემ (60 კგ) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა უნგრულ ტატამზე გამოსვლა.