ბათუმში ისტორია დაიწერა! ტიერ 1-ის ნაკრები დამარცხებულია!

საქართველოს რაგბის ნაკრებმა, ბათუმში იტალიის ნაკრებს უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა 28:19.

„ბორჯღალოსნებს“ იტალიელების წინააღმდეგ ჩატარებული 4 შეხვედრიდან ოთხივე წაგებული ჰქონდათ, შესაბამისად ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

პირველი ლელო მატჩის მე-11 წუთზე დაიდო –სანდრო თოდუამ საქართველოს ნაკრები დააწინაურა და ანგარიში 5:0 გახდა. შემდეგი ლელო თედო აბჟანდაძეა დადო, გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და ანგარიშიც თორმეტამდე გაზარდა – 12:0.

ამის შემდეგ მეტოქემ ზედიზედ 13 ქულა მოიპოვა. მიუხედავად ამისა, ტაიმის ბოლოს კვლავ მოვახერხეთ წინ გასვლა. აბჟანდაძემ მორიგი ლელო დადო და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.

მეორე ტაიმში მე-60 წუთამდე გუნდებმა თითო-თითო ჯარიმა გაცვალეს. 69-ე წუთზე კი გელა აფრასიძემ ჩვენი ნახევრიდან ბრწყინვალე ჯარიმა შეასრულა და საქართველოს ნაკრები 9 ქულით დააწინაურა. მატჩის მიწურულს ისევ ჯარიმები იყო და საბოლოო ჯამში 9 ქულით გავიმარჯვეთ.

საქართველოს რაგბის ნაკრებმა ბათუმში ისტორია დაწერა! ისტორიაში პირველად ტიერ 1-ის წარმომადგენელი დაამარცხა და 6 ერის ტურნირისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

ბრიტანული გამოცემა „დეილი მეილი“ საქართველოს ნაკრების გამარჯვებას ასე გამოეხმაურა:

„დღეს ქართული რაგბისთვის კარი ღია იყო და მათ ხმამაღალი განცხადების გაკეთება შეეძლოთ. „ბორჯღალოსნებმა“ თავიანთი შანსი გამოიყენეს. ეს საეტაპო გამარჯვება იყო… თამაშზე საოცარი ატმოსფერო იყო. ეს იყო ფენომენალური სარაგბო გამოცდილება და საქართველო იმსახურებს ასეთ თამაშებს“.

საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 16 ივლისს პორტუგალიის ნაკრებთან გამართავს.