„ეს არის ისტორია ნამდვილ ადამიანზე“ – უკრაინელი რეჟისორის სპექტაკლი ახმეტელის თეატრში

13, 14, 15 ივლისს, 19 საათზე, ახმეტელის თეატრში პრემიერაა, უილიამ შექსპირის პიესა  „ტიტუს ანდრონიკუსი“ უკრაინელმა რეჟისორმა ოლექსანდრე ჟურაველმა განახორციელა. ოლექსანდრე ჟურაველი უკვე მეოთხე უკრაინელი რეჟისორია, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში ახმეტელის თეატრში იმუშავა.

„ოცნებამდე, დამედგა ტიტუს ანდრონიკუსი ხუთი წელი მივდიოდი… დღეს, ჩემი მეგობრის, ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის – ირაკლი გოგიას მოწვევით ეს ოცნება რეალური გახდა, ვდგამ სპექტაკლს საქართველოში, ქართველ მსახიობებთან ერთად“ – განაცხადა „ქართულ კვირასთან“ საუბარში ოლექსანდრე ჟურაველმა.

„დღეს, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენ არის მიპყრობილი, ჩვენ განსაკუთრებულ გულისტკივილსა  და მხარდაჭერას გამოვხატავთ უკრაინელი ერის მიმართ, ვფიქრობთ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართულ – უკრაინული კოპროდუქციის განხორციელება და ურთიერთობა ორ ერს შორის“ – აცხადებენ ახმეტელის თეატრში.

სპექტაკლი რეჟისორი  და სცენოგრაფი ოლექსანდრე ჟურაველია; კოსტიუმების მხატვარი – მარიკა კვაჭაძე; ქორეოგრაფი – გიორგი რაზმაძე; სპექტაკლში გამოყენებულია სვიატოსლავ ლუნიოვის, ზოლტან ალმაშისა და მაქსიმ კოლომიეცის მუსიკა.

მონაწილეობენ:

ოთო ჩიქობავა, გიორგი გასვიანი, სოფო ლომჯარია, გივი ბალანჩივაძე, სოფია სებისკვერაძე, გიორგი ცხადაძე, იუკა ვასაძე, ზუკა პაპუაშვილი, ჯორჯი დვალიშვილი, დავით ასპანიძე, რაჟდენ ლაღაძე, ლუკა ფესვიანიძე

სპექტაკლი განხორციელდა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

„უკრაინაში დღეს ომია და ტიტუს ანდრონიკუსი სწორედ იმ გმირის სახეა, რომელსაც მე ვხვდები კიევის, მარიუპოლის, ხარკოვის ქუჩებში, ჩემთვის ეს არის ისტორია ნამდვილ ადამიანზე – ის სამყაროს საყრდენია „ – ოლექსანდრე ჟურაველი.

მიმდინარე თეატრალურ სეზონზე ახმეტელის თეატრში ეს უკვე მეორე ქართულ – უკრაინული კოპროდუქციაა – სპექტაკლ „ქალები 30 +“ ოთარ ქათამაძემ დადგა, სადაც კომპოზიტორი ბოგდან სლუტი (უკრაინა), ანიმაციის ავტორი  კი პოლინა მაიბოროდა (უკრაინა) იყო.