„ნოე რამიშვილი“ – წიგნი ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენაზე გამოიცა

„ნოე რამიშვილი“ – წიგნი საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის შესახებ ქართულ, ფრანგულ და ინგლისურ ენაზე საქართველოს ეროვნული არქივისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით გამოიცა. მასში უამრავი ახალი, დღემდე მხოლოდ სამეცნიერო წრეებისა და სიძველეების მოყვარულთათვის ცნობილი მასალაა თავმოყრილი. მისი ერთი ნაწილი ეროვნული არქივის საისტორიო ცენტრალურ არქივშია დაცული, მეორე კი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მამია და ქრისტიანე ბერიშვილებისა და მიშელ რამიშვილის კოლექციებში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში.

პუბლიკაცია მკითხველს აცნობს პირველი მთავრობის თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა, სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრის, ნოე რამიშვილის ფოტოებს, დოკუმენტებს, წერილებს, სხვადასხვა პოსტზე მუშაობისას გამოცემულ ბრძანებებს, საკანონმდებლო ინიციატივებს; აგრეთვე ეროვნული საბჭოს, პარლამენტის, დამფუძნებელი კრების, მთავრობისა თუ პარტიის სხდომებზე მისი გამოსვლების ტექსტებს.

წიგნის ავტორ-შემდგენლები არიან: დიმიტრი სილაქაძე, ირაკლი ირემაძე. მთავარი რედაქტორი: ზურაბ გაიპარაშვილი. გამოცემაზე მუშაობდნენ: ტიერი ბერიშვილი, მიშელ რამიშვილი (ნოე რამიშვილის შვილიშვილი), სალომე ჭანტურიძე.