“Google cultural institute” ხელოვნების სასახლეში დაცულ ნამუშევარს საგანგებო გამოფენას უძღვნის

მსოფლიოს ყველაზე დიდმა კულტურულმა ინსტიტუტმა “Google cultural institute” საქართველოს ხელოვნების სასახლეში დაცულ ნამუშევარს “ჯადოსნური ანარეკლი” საგანგებო გამოფენა მიუძღვნა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის ინსტიტუტის ვირტუალურ სივრცეში ამ ტიპის გამოფენები საერთო სახელწოდებით “ერთი შედევრის ისტორია” უკვე რამდენიმე წელია იმართება, მათ შორისაა კარავაჯოსა და ბოტიჩელის ტილოები. ამჯერად, გამოფენა საქართველოში დაცულ ჩარლზ ლუი მიულერის ტილოს მიეძღვნა. ნახატი უფლისწულ ანდრია დადიანის კუთვნილება იყო და მის თბილისის რეზიდენციაში (ამჟამინდელი ხელოვნების სასახლე) ინახებოდა. პრინცის გარდაცვალების შემდეგ ტილო ევროპაში გაიყიდა.

ნახატი სამშობლოში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის ინიციატივით დაბრუნდა.

ამავე გვერდზე საგანგებო მადლობა განთავსდა ყველა იმ ადამიანისა და ინსტიტუციის მიმართ, ვინც ეს შედევრი სამშობლოში დააბრუნა და გამოფენა მოამზადა. მათ შორის, კულტურის სამინისტროს და მინისტრის, ასევე, გამოფენის ავტორის მარიამ კიკვაძის, ჯგუფის წევრების: გიორგი კალანდიას, ნუცი კაჭახიძის და ირაკლი ზამბახიძის მიმართ. Google-ს კულტურულ ინსტიტუტს მსოფლიოში ყველაზე დიდი აუდიტორია ჰყავს და მისი გამოფენების დათვალიერება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეიძლება.