რუსთაველის ეროვნული თეატრის დასი ადანას საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარდგა

29, 30 აპრილს ადანას სახელმწიფო თეატრის სცენაზე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი “თამაშის დასასრული”.

ფესტივალი პანდემიის შემდეგ წელს პირველად ტარდება და მასში 22 თეატრალური დასი იღებს მონაწილეობას. ადანას 23-ე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს გაიხსნა და 30 აპრილს რუსთაველის ეროვნული თეატრის სპექტაკლით დაიხურება.

გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი სპექტაკლი „თამაშის დასასრული“ირლანდიელი მწერლის, დრამატურგ – ექსპერიმენტატორის, ნობელის პრემიის ლაურეატის სემუელ ბეკეტის ტრაგიკომედიაა. ესაა სპექტაკლი თეატრზე, ცხოვრებასა და სიკვდილზე, დასასრულსა და დასაწყისზე. პიესის ოთხი პერსონაჟია ფლეგმატური გმირები, რომლებიც ცარიელი სივრცის შუაგულში ცხოვრობენ და სხედან ნაგვის კონტეინერში, ინვალიდის ეტლსა და კიბეზე. სპექტაკლის მხატვარი მირონ შველიძეა, ქორეოგრაფი კი კოტე ფურცელაძე. მონაწილეობენ: გოგა ბარბაქაძე, ლევან ბერიკაშვილი, დავით უფლისაშვილი, ნანა ფაჩუაშვილი, გაბრიელ ბარბაქაძე.