ლიტერატურის მუზეუმი ნინო ნაკაშიძის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს

1 აპრილს, 17 საათზე, ლიტერატურის მუზეუმი გეპატიჟებათ საბავშვო მწერლის, ნინო ნაკაშიძის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო გამოფენაზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მწერლის ფოტოები, პირადი მიმოწერა, მოგონებები მწერლებსა და მხატვრებზე, ქალთა საზოგადოებების დაარსებისა და მუშაობის შესახებ, ჟურნალების – „ჯეჯილი“ და „ნაკადული“ – ილუსტრაციები და მემორიალური ნივთები.

ნინო ნაკაშიძე ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში დაიბადა.

დაამთავრა ოზურგეთის ორკლასიანი სასწავლებელი, ხოლო 1892 წელს თბილისის საბებიო ინსტიტუტი.

ლიტერატურული მოღვაწეობა 1902 წლიდან დაიწყო. პირველი ლექსი “იმედი”, ჟურნალ “კვალში” დაიბეჭდა. პირველი მნიშვნელოვანი მოთხრობა “ძიძა” 1903 წელს გამოქვეყნდა. პირველი საბავშვო მოთხრობა – 1904 წელს. აქტიურად იღწვოდა საზოგადოებრივ სარბიელზე. მონაწილეობდა 1905-1907წწ. რევოლუციაში. 1906 წელს რამდენიმე თვით დააპატიმრეს. 1908 წელს გადაასახლეს ვიატკის გუბერნიაში. მან დიდი ამაგი დასდო ქართულ საბავშვო მწერლობისა და ჟურნალისტიკის განვითარებას. დააარსა საბავშვო ჟურნალი “ნაკადული” და 1910-1928წწ. რედაქტორობდა ჟურნალს. იგი იყო პირველი ქართული საბავშვო თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი. ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. დიდხანს ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირის საბავშვო ლიტერატურის სექციას.