სტუ-ის დაარსებიდან 100 წლისთავი UNESCO-მ ღირსშესანიშნავი თარიღების სიაში შეიტანა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლისთავი  UNESCO-მ ღირსშესანიშნავი თარიღების სიაში შეიტანა, – ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2022-2023 წლებში ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნის ფარგლებში საქართველომ, გასული წლის ნოემბერში, იუნესკოს განსახილველად წარუდგინა ნომინაცია – „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავი“.

„UNESCO-ს მიერ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუბილეს ღირსშესანიშნავი თარიღების ნუსხაში შეტანა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს უმაღლესი საინჟინრო სკოლისადმი პატივისცემას. ეს არის ჩვენი მეცნიერების, მკვლევრების მოღვაწეობის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საგანმანათლებლო სივრცის, მორიგი აღიარება. სასიხარულოა, რომ UNESCO გვიცხადებს მხარდაჭერას ყველა იმ ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებაში, რომელიც დაგეგმილია საიუბილეო ფორმატში“, – აცხადებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები UNESCO-ს ლოგოთი ჩატარდება.