კონსერვატორიაში ოთარ ჯორჯიკიას მასტერკლასები გაიმართება

14, 15 და 16 თებერვალს (11:00 საათიდან) კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში გაიმართება ტენორ ოთარ ჯორჯიკიას მასტერკლასები.ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს. ოთარ ჯორჯიკიამ 2013 წელს დაამთავრა თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. სტუდენტობის პერიოდში იყო პრეზიდენტისა და ვანო სარაჯიშვილის სახელობის სტიპენდიატი. 2014 წლიდან თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სოლისტი.მისი ევროპული დებიუტი შედგა 2014 წელს იტალიის ქალაქ ბუსეტოში. ჯ.ვერდის სახელობის თეატრში, ამავე კომპოზიტორის ოპერით “ტრავიატა”, კომპოზიტორის მშობლიურ ქალაქში. 2016 წლიდან არის მიწვეული სოლისტი მსოფლიოს წამყვან თეატრებში, როგორებიცაა მილანის “ლა სკალა”, პარმის საოპერო თეატრი, სიდნეის საოპერი თეატრი ავსტრალიაში, ვარშავის დიდი თეატრი, ციურიხისა და ბაზელის, მოსკოვის დიდი თეატრი, პეტერბურგის მარინის თეატრი, ტულუზასა და ლიონის,ბადენ-ბადენი, ვილნიუსის თეატრი და სხვა მრავალი ევროპული ქალაქების თეატრები და საკონცერტო დარბაზები.ოთარ ჯორჯიკიას რეპერტუარი მოიცავს ვერდის, ბიზეს, პუჩინის, ჩაიკოვსკის, დონიცეტის, ფალიაშვილისა და სხვა გამოჩენილ კომპოზიტორთა ოპერების მთავარ როლებს.

იგი თანამშრომლობს გამოჩენილ მუსიკოსებთან: პლასიდო დომინგო, ფერუჩო ფურლანეტო, პაატა ბურჭულაძე, ლუდმილა ივანოვა, კრასიმირა სტოიანოვა, მზია ბახტურიძე, ანა ნეტრებკო, დანიელ ორენი, რიკარდო შაი, ფაბიო ლუიზი,ილდარ აბდრაზაკოვი,ოლგა ბოროდინა, ლუკა სალსი და სხვა მსოფლიოს წამყვან მომღერლებთან, დირიჟორებთან და კონცერტმაისტერებთან.