დღეს მარტვილში კამერული მუსიკის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს კამერატა“ დაიწყება

5–7 ნოემბერს, მარტვილში, კამერული მუსიკის მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს კამერატა“ გაიმართება, სადაც მსმენელის წინაშე წარსდგებიან მუსიკოსები საქართველოდან, სერბეთიდან და პოლონეთიდან.

ფესტივალი, ტრადიციულად, დადიანების საშემოდგომო სასახლის ხეივანში გაიმართება. ფესტივალი ამჯერად ქართველი კომპოზიტორის რევაზ ლაღიძის 100 წლისთავს მიეძღვნება.

ფესტივალი დღეს კამერულ-ინსტრუმენტული მუსიკით გაიხსნება. მონაწილეობენ: პეტარ მარიჩი – აკორდეონი. სერბეთი; გიტარის დუეტი Woch & Guzik – პოლონეთი; გია ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი.

6 ნოემბერს ლექცია–კონცერტი „ევროპული რენესანსის მადრიგალები“ გაიმართება. მონაწილეობენ: საფესტივალო კამერული გუნდი, დირიჟორი არჩილ უშვერიძე; ლექციას წაიკითხავს შიო აბრახამია.

ფესტივალს 7 ნოემბერს ქართული კინომუსიკის კონცერტი დაასრულებს. მონაწილეობენ: თბილისის ოპერის თეატრის კამერული ორკესტრი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით; ასევე ნუკრი კაპანაძე, ეკა მამალაძე, მიხეილ ჯავახიშვილი.

კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს კამერატა” 2015 წელს დაფუძნდა და ის უწყვეტად სალხინოს რეზიდენციის ორსაუკუნოვანი ჭადრების ხეივანში, ღია ცის ქვეშ იმართება. ფესტივალი ტრადიციულად სამდღიანია და ის მუდამ კამერული მუსიკის შემსრულებლებს მასპინძლობს საქართველოდან და საზღვარგარეთიდან.