ნინო ხარატიშვილის ახალ რომანზე საავტორო უფლებები HarperCollins- მა შეიძინა

ნინო ხარატიშვილის ახალი რომანის “The Lack of Light“ საავტორო უფლებები წიგნის გამოცემამდე ცნობილმა ამერიკულმა გამომცემლობა „ჰარპერ კოლინსმა“ შეიძინა – ინფორმაციას სოციალური ქსელით გამომცემლობა “ინტელექტის“ საერთაშორისო ურთიერთობის მენეჯერი, გვანცა ჯობავა ავრცელებს.

„ჰარპერ კოლინსი” ამერიკული, ერთ – ერთი ყველაზე დიდი და მთავარი გამოცემაა „მსგავსი რამ ქართულ ლიტერატურას არ ახსოვს!!!! ეს ნიშნავს, რომ ნინოს ამჟამინდელი წარმატება მონაგონი იქნება, ეს ნიშნავს, რომ მისი წარმატება ჩანჩქერივით გადაეშვება მაღალი კლდიდან და მოედება ყველას და ყველაფერს, ერთი წუთითაც კი არ მეპარება ამაში ეჭვი! და ეს არა მხოლოდ ნინოსთვის მისალოცი ამბავია, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ქართული ლიტერატურისთვის!“ წერს გვანცა ჯობავა.

ახალი რომანის საავტორო უფლება აშშ-ს გარდა, ჯამში უკვე ცხრა ქვეყანამ შეიძინა, მათ შორისაა საქართველო და გამომცემლობა „ინტელექტი“ რომლის მიერ გამოცემული ნინო ხარატიშვილის სქელტანიანი საოჯახო საგა „მერვე სიცოცხლე“ ბოლო წლების ერთ – ერთი ყველაზე გაყიდვადი წიგნია საქართველოში.

როგორც გვანცა ჯობავა აცხადებს ქართველი მწერლისა და რეჟისორის- ნინო ხარატიშვილის ახალი რომანი 90 -იანი წლების თბილისსა და ქვეყანაზე გვიყვება, რომელმაც სულ ახლახანს მოიპოვა დამოუკიდებლობა, და სადაც ძალადობა და ქაოსი , ქუჩის გარჩევები, სამოქალაქო დაპირისპირება, შიმშილი და სიცივე სუფევს. როგორც ჩანს მკითხველს ჯაშების რთული, სევდიანი და ემოციური ცხოვრების შემდეგ ახალი პერსონაჟების არანაკლებ საინტერესო და თავგადასავლებით სავსე ამბები ელის. წიგნი თებერვალში გერმანიაში გამოიცემა და მას ქართულ ენაზე მაია ფანჯიკიძე თარგმნის.