ენების ევროპული დღე და საქართველო

26 სექტემბერს ენების ევროპული დღე აღინიშნება, ამ დღესთან დაკავშირებით ევროპის სხვადასხვა ქალაქში ღონისძიებები გაიმართა, სადაც ქართული ენის კუთხის დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ენასა და დამწერლობას.

24 სექტემბერს უნგრეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ბუდაპეშტში ევროკავშირის კულტურის ეროვნული ინსტიტუტების გაერთიანების (EUNIC) ორგანიზებით გამართულ ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში European Language Cocktail Bar. ქართული კუთხის დამთვალიერებლებს  საშუალება ჰქონდათ ქართული ასოებით დაეწერათ საკუთარი სახელები და ღონისძიებისათვის დამზადებულ საგანგებო „ვიზიტორის პასპორტში“ მიეღოთ „ვიზიტორის ბეჭედი.“ ღონისძიების ფარგლებში ბუდაპეშტის ეოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტის კავკასიური სწავლების სპეციალისტმა ბენედეკ ჟიგმონდმა ქართული ენის გაკვეთილები ჩაატარა.

25 სექტემბერს, EUNIC ROMANIA-სა და რუმინეთში პოლონეთის ინსტიტუტთან ერთად, საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო “ენების ევროპული დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაში. რუმინეთის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები ინტერესით გაეცნენ საქართველოს სტენდს.

25 სექტემბერს ,საბერძნეთში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.საქართველოს საელჩო მრავალფეროვანი სტენდით წარსდგა წლევანდელ ღონისძიებაზე. სტუმრებს დაურიგდათ სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დამზადებული ორენოვანი ბროშურები და აუდიო-ვიდეო მასალა ქართული ენის შესახებ. ასევე მიეწოდათ ინფორმაცია ქართული უნიკალური ანბანის, ქართული ენის, ლიტერატურისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ. სტუმრებს მიეცათ შესაძლებლობა, გაცნობოდნენ ბოლო პერიოდში ბერძნულ ენაზე თარგმნილ ქართული ლიტერატურის ძეგლებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის მითებისა და ხალხური ზღაპრების ცენტრთან თანამშრომლობით, ყველა მონაწილე ქვეყნის ენაზე, მათ შორის, ქართულად, მოეწყო ხალხური ზღაპრების მხატვრული კითხვა.

24 სექტემბერს, მსოფლიო ენების უზბეკეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით, გაიმართა „ენების ევროპული დღისადმი“ მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საელჩოს დესპანი. მან ისაუბრა ენების ევროპული დღის მნიშვნელობაზე და საქართველოში მისი აღნიშვნის ტრადიციაზე, ქართული ენისა და დამწერლობის თავისებურებებზე, ენების ცოდნის მნიშვნელობასა და ხალხთა შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებაზე.