დღეს გიამბობთ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმის შესახებ, რომელიც სოფელ გრემში (კახეთი) არსებულ თემს ეხება, სადაც სხვადსხვა გამოცდილების და შესაძლებლობების 70-მდე ადამიანი ცხოვრობს და მუშაობს. ცხოვრება თემში ადამიანების თანასწორობის რწმენაზეა დაფუძნებული.
თემი, გრემის მონასტრიდან სულ რაღაც ორ კილომეტრში მდებარეობს. ღვინის გზის რამდენიმე მაჩვენებელი თქვენ მათთან მოგიყვანთ, სადაც შემოგთავაზებენ ქვევრის ორგანულ ღვინოს, გემრიელ ქართულ კერძებს, ხილის წვენებს, სხვადასხვა საკვებს და ხელნაკეთ ნივთებს.
თემს ხშირად სტუმრობენ მოხალისეები არამარტო საქართველოდან არამედ უცხოეთიდან, მაგრამ საქართველოში ბევრმა არ იცის ამ ადგილის არსებობის შესახებ და ამიტომ, ერთ დღეს, ფილმის პროდიუსერებმა აჩიკო ჭოტაშვილმა და რეზო მესხიამ გადაწყვიტეს პატარა სარეკლამო – საინფორმაციო რგოლი გადაეღოთ, რაშიც მათ ესტონელები დაეხმარნენ.
როცა იქ ჩავედით, ჩვენთვის მთავარი იყო კარგ განათებაში გადაგვეღო ფილმი, ამინდზე და განათებაზე დიდად ვიყავით დამოკიდებული. ჩვენდა სასიკეთოდ ბევრი ფაქტორი დაემთხვა და ფილმი პრაქტიკულად რეკორდულ დროში, ერთ დღეში გადავიღეთ, 15 საათი ვიმუშავეთ უწყვეტ რეჟიმში…
ფანტასტიური დამდგმელი ოპერატორი გვყავდა კახა ბუხრაშვილი, უნიჭიერესი და დაუღალავი ადამიანი, ასევე საუკეთესო ხმის ოპერატორი თორნიკე ბუხრაშვილი, მხატვრის ფუნქცია მე შევითავსე, არაჩვეულებრივი მუსიკა კი აჩიკო ჭოტაშვილის არის, რომლის არანჟირება მისმა მეგობარმა აჩიკო ბურჭულაძემ გააკეთა და მათივე სტუდიაში, “FLASH Home Studio”- ში ჯგუფმა FLASH-მა ჩაწერა.
-როგორც ვიცი პროფესიონალი მსახიობების გვერდით ფილმში არაპროფესიონალები მონაწილეობენ…
გერმანელმა ბავშვებმა გაგვიმართლეს, ვიზუალურად და სამსახიობო ოსტატობითაც ძალიან დამაჯერებლები და ბუნებრივები არიან. მე ყველა მომწონს, მაგრამ განსაკუთრებულად გამოვყოფ კლარას შვილის და ანიკას, თარჯიმნის როლის შემსრულებელს, ხოლო რაც შეეხება მსახიობებს, გიორგი მეგრელიშვილთან მუშაობა დიდი კომფორტია, სუპერ პროფესიონალია, ზუსტად იგებს დავალებას და ფანტასტიურად ასრულებს. მასზე დიდად იყო დამოკიდებული ფილმის წარმატება და ამ იდეის განხორციელება. ფატი თურმანიძემ კი მე გამაოცა თავისი დიდი პროფესიონალიზმით და იმედი მაქვს მომავალშიც ვითანამშრომლებ მასთან.
არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი პარტნიორის გიორგი მეგრელიშვილის თავდაუზოგავი შრომა, არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო გადაღების დროს, ასევე გერმანელი ბავშვები, ჩვენი ანტონი და კლარა, რომელთაც გამოცდილება საეროდ არ ჰქონდათ, სრულიად ბუნებრივად გამოიყურებიან ფილმში. ყველას უდიდესი მადლობას ვუხდი, მთელმა ჯგუფმა კარგად ვიმუშავეთ, ამის ყველაფრის თავი და თავი კი იყო რეჟისორი, რომელმაც არაჩვეულებრივი ატმოსფერო შექმნა, რამაც ფილმის წარმატება განაპირობა.
-ფატი ადრე თუ იყავით ამ თემში ნამყოფი?
-თემში ადრე არ ვიყავი ნამყოფი, ეს ადგილი არის მთებში ჩაფლული, სასწაული აურის და გარემოს მატარებელი, იქ მაცხოვრებელმა ადამიანებმა აღმაფრთოვანეს – მათმა დახვედრამ, სტუმართმოყვარეობამ. საერთოდ სხვა სამყაროში მოვხვდი. გამიკვირდა რომ არაფერი ვიცოდი ამ თემის არსებობის შესახებ და მე ყველას ვურჩევ, რომ როდესაც მოხვდება ამ დალოცვილ კუთხეში, კახეთში, გრემში, აუცილებლად შეიარონ და ნახონ ეს ადგილები, მითუმეტეს იქ ყველანაირი პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ განმარტოვდე, განიმუხტო, სხვა ენერგიით აივსო. მაგნიტი აქვს რაღაც, რაც გიზიდავს და მე როგორც კი მომეცემა საშუალება აუცილებლად კიდევ ჩავალ.