ავღანეთიდან ქართული სამშვიდობო კონტინგენტის გამოყვანა იწყება

საქართველო ავღანეთიდან საკუთარი სამშვიდობო კონტინგენტის გამოყვანას დაიწყებს.

ქართული მხარე ორმხრივ ფორმატში კონსულტაციებს აწარმოებს როგორც ნატოსთან, ისე თავის ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-თან. ქართული ქვედანაყოფის ავღანეთიდან გამოყვანა მათთან კოორდინაციით მოხდება.

 „საქართველო ავღანეთში სამშვიდობო მისიაში 2004 წლიდანაა ჩართული და ალიანსის არაწევრ ქვეყნებს შორის და ერთ სულ მოსახლეზე მისიაში გაგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის მიხედვით უმსხვილესი კონტრიბუტორია. ეს ფაქტი მკაფიოდ ცხადყოფს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს საქართველო ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდამხარ გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას. მთელი ამ წლების განმავლობაში მშვიდობისა და სტაბილურობის დაცვას თავდაცვის ძალების ათასობით სამხედრო მოსამსახურე ემსახურებოდა, რომელთაგან 32 დაიღუპა და არაერთი დაიჭრა“, – ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ავღანეთიდან სამხედრო ძალების გამოყვანის პროცესი, პარტნიორებთან კოორდინაციით, 1 მაისიდან დაიწყება.

ნატოს არასაომარი სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერა” (Resolute Support) ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 870-ზე მეტი ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.