ორი ბრინჯაო უკრაინის საერთაშორისო ტურნირზე

კიევში წყალში მხტომელთა ტრადიციული მე-11 საერთაშორისო ტურნირი დაიწყო. ტურნირში ბელორუსის, სომხეთის, სერბეთის, ბულგარეთის, საქართველოს და უკრაინის 9 რეგიონის გუნდები მონაწილეობენ. საქართველო ჭოლა ჭანტურიამ, თორნიკე ონიკაშვილიმა და სანდრო მელიქიძემ წარადგინეს.

ასპარეზობის პირველ დღეს ერთმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში თორნიკე ონიკაშვილმა ფინალში მონაწილეობის უფლება მოიპოვა და 329.30 ქულით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და პირადი რეკორდიც 21 ქულით გააუმჯობესა. სხვათა შორის მან პირველად სცადა ახალი ხტომა წინა დგომიდან ორნახევარი მალაყი უკან და ფინალში 61 ქულა დაიმსახურა.

შეჯიბრების მეორე დღეს თორნიკე ონიკაშვილმა  სანდრო მელიქიძესთან ერთად 3-მეტრიანი ტრამპლინიდან სინქრონულ ხტომებში მოსინჯეს ძალები და ფინალურ ხტომებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს. ფინალში დუეტს 322.83 ქულით ბრინჯაოს მედალი ხვდათ წილად.