2 იანვარს ბედობას, პირველად ნიუ-იორკში ,,ქართული ტრადიციული სამოსის დღე“ მოეწყობა. წითელი ხალიჩა და ტანსაცმელი, როგორც ეროვნული კულტურის ნაწილი – პოდიუმზე ქართველი ემიგრანტები წარმოადგენენ ეროვნულ სამოსს. პროექტის იდეის ავტორია აშშ-ში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი ლელა ნინუა.
,,დაიბედეთ ჩვენთან ერთად ეროვნული ღირებულებები“- ასეთია ღონისძიების სლოგანი. ორგანიზატორები სტუმრებს სიურპრიზებით სავსე საღამოს პირდებიან. პოდიუმის პარალელურად, მოეწყობა ხელნაკეთი აქსესუარების გამოფენა-გაყიდვაც. ღონისძიებაზე თავად ქართველი ემიგრანტების მიერ შექმნილი სამოსი გამოიფინება, ისინი მათ საქართველოს კუთხეების მიხედვით წარადგენენ. ჩვენებაში მონაწილეობას ცნობად სახეებთან ერთად, სხვა ქართველი ემიგრანტებიც მიიღებენ.
იდეის და პროექტის ავტორთან ერთად, საღამოს ორგანიზებას უწევს ქართული რესტორანი ,,გესტ-ჰაუსი“, რომელიც მსგავსი ღონისძიებების ხშირი მხარდამჭერია. პროექტს მხარში უდგანან ისეთი ბრენდები როგორიცაა მასრა, ფაფანაკი, Georgian memory, ქართული კლინიკა NP Medicine (კლინიკის დამფუძნებლები ნინო ქავთარაძე და ეკა მეტრეველი). საღამოს ცუცა კაპანაძე და გია ფურცხვანიძე წარუძღვებიან.
,,მიუხედავად რეგულაციებისა, პროექტი მაინც შედგება. ჩვენი სამზადისი განსაკუთრებულია. სასიამოვნო გარემო და ადამიანები გაერთიანდნენ ამ იდეის ქვეშ. შესაძლებელია ჩაიკეტოს ნიუ-იორკი, დაიხუროს რესტორნები, მაგრამ როგორც კი გაიხსნება ჩვენც მზად ვიქნებით და უკეთესად მოვემზადებით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ რესტორანს ,,გესტ – ჰაუსი“. მის ორივე მფლობელს ბატონ გუგას და ირაკლის. იმდენად მოეწონათ იდეა, რომ სრულ მხარდაჭერას და გვერდში დგომას ვგრძნობ მათგან. ეს არის ქართველობა, როცა პანდემიის დროს ქართველი ბიზნესმენები და ბიზნესი ეროვნულ საქმეზე არ ამბობს უარს და მეტიც, ,,გესტ-ჰაუსი“ ამ ღონისძიებით აანონსებს, რომ მათი სივრცე ყოველთვის დაეთმობა მსგავს ღონისძიებებს. მადლობა ყველა მხარდამჭერ კომპანიას, ჩემს თბილისელ კოლეგებს გვერდში დგომისთვის. ეს იქნება ულამაზესი საღამო, ამ დღეს ყველა მონაწილე ეროვნულ სამოსით ივლის ნიუ-იორკის ქუჩებში, გვეყოლება ამერიკელი სტუმრებიც,“- ამბობს ლელა ნინუა.
,,ქართულმა კვირამ“ ღონისძიების რამდენიმე მონაწილეც ჩაწერა, მათ შორისაა აშშ-ში მოღვაწე, მომღერალი ნინი წიკლაური, რომელიც პოდიუმზე გამოსვლის შემდეგ, საღამოზე ქართულ სიმღერებსაც შეასრულებს და დიზაინერი ინგა გოგიშვილი, რომელიც თავის შექმნილ სამოსს წარადგენს.
ქართველი ემიგრანტებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ასეთ ღონისძიებებს. ჩვენში გამძაფრებულია სამშობლოს მონატრების განცდა.”
აშშ-ში მოღვაწე ქართველი ფოტოგრაფი ევა კაპანაძეც მსგავს ღონისძიებაში პირველად მონაწილეობს, გარდა ეროვნული სამოსის წარმოდგენისა, ის პროექტის მონაწილეებს უფასო ფოტოსესიასაც აჩუქებს. ,,როგორც ფოტოხელოვანი პირველად ვიღებ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობას. ძალიან მიყვარს ქართული ტრადიციული სამოსი და ჩემთვის ეს პროექტი არის საინტერესო და საპასუხისმგებლოც. მადლობა მინდა გადავუხადო ღონისძიების დამფუძნებელს ლელა ნინუას, რადგან ვფიქრობ რომ ასეთი პროექტები მნიშვნელოვანი და აუცილებელია საზღვრებს გარეთ მცხოვრები ქართველებისათვის“ – ამბობს ,,ქართულ კვირასთან“ ფოტოხელოვანი.