მიუნხენში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Aviareps” ორგანიზებით, გერმანიის ქალაქ მიუნხენში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა.

ღონისძიებას სასტუმრო და სარესტორნო ქსელების წარმომადგენლები, გაყიდვების სფეროში მოღვაწე პირები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ღვინის მწარმოებელი დიდი და მცირე მარნების სხვადასხვა დასახელების ღვინოები.

მცირე მარნების ღვინის ტრანსპორტირება გერმანიაში ღვინის ეროვნულმა სააგენტომ „მცირე მარნების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში უზრუნველყო.

გერმანია ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია, სადაც ქართული ღვინის წარდგენას დიდი მნიშვნელობა აქვს მისი საექსპორტო პოტენციალისა და ცნობადობის გაზრდის კუთხით.

შედეგად, პანდემიის პირობებშიც, ამ ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 616 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 22%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.